თავში

"ფრონტერა" მთავრობას დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

"ფრონტერა" მთავრობას დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
ფრონტერა მთავრობას დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

კომპანია "ფრონტერა" საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, საქართველოს მთავრობის დაქირავებული იურისტები არასწორ განცხადებებს განგებ ავრცელებენ საარბიტრაჟო დავის შედეგებზე და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

"ხელისუფლებამ გაავრცელა ყალბი ახალი ამბები, რომელიც განზრახ ამახინჯებს არბიტრაჟის შედეგებს. ამ განცხადებებმა და ყალბმა ახალმა ამბებმა გამიზნულად შელახეს ჩვენი კომპანიის მიერ საქართველოში ოცდაოთხი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოები და მასთან დაკავშირებული ინვესტიციები, რაც $ 500 მილიონ დოლარს აჭარბებს. ამ დღეებში გავრცელებული ასეთივე ყალბი ამბები და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები შეიცავს შეუფერებელ მცდელობას შეურაცხყონ აშშ ხელისუფლება და მოახდინონ როგორც მათი, ასევე ფრონტერას მსგავსი ამერიკული ბიზნესის სხვა მხარდამჭერთა დისკრედიტაცია. ამასთანავე, შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებასთან ერთად, ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა იურისტებმა სწრაფად გამონახეს საშუალება მოეხდინათ კაპიტალიზაცია ამ შეთხზული ამბის შეუფერებელი გავრცელებით და გაეკეთებინათ თავიანთი ბიზნესის რეკლამირება იურიდიულ, სავაჭრო და სოციალურ მედიაში. ეს არა არის გასაკვირი, ვინაიდან ხელისუფლების იურიდიულმა მრჩევლებმა გაასაჯაროვეს, რომ მათ გასამრჯელოდ 30 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს ( $ 9 მილიონი დოლარი) სახელმწიფო ხაზინიდან, ფრონტერას წინააღმდეგ დაწყებული დავისთვის. ნამდვილად კარგი ბიზნესია," - წერია კომპანიის განცხადებაში.

"ფრონტერა"  მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს ყალბი და არაკეთილგანწყობილი პიარ კამპანია ფრონტერასა და საქართველოში მომუშავე სხვა ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ. 

"ფრონტერა კმაყოფილია საარბიტრაჟო საამართლოს გადაწყვეტილების შედეგით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა სასტიკი და წარუმატებელი ტაქტიკით ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება აუხსნელი მიზეზებით, სისტემატიურად ხელი შეეშალა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს, ნავთობისა და გაზის სექტორში მიმდინარე სამუშაოებისათვის, მასში დასაქმებული ასობით ქართველ თანამშრომლისათვის, კონტრაქტორებისა თუ სხვა ბიზნესებისათვის," - განმარტავს კომპანია საკუთარ გაცხადებაში.

კომპანია ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე და წარმოაჩენს საკუთრ წვლილს ამ საქმეში.

"ფრონტერა" კვლავაც რჩება საქართველოს ერთგულ კორპორატიულ მოქალაქედ, იმ ვალდებულებით, რომ მიეხმაროს ქვეყანას ხელახლა ააშენოს თავისი ეკონომიკა და მიაღწიოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რაც კახეთის რეგიონში ჩვენს მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დადგება. ახლა, როცა ხელისუფლების მიერ კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული იურიდიული სამართალწარმოება დასრულდა, ვიმედოვნებთ რომ გადავერთვებით უფრო კონსტრუქციულ სულისკვეთებაზე. გვჯერა, რომ ნაცვლად ამერიკული ბიზნეს ინტერეების წინააღმდეგ დახარჯული ძვირფასი ფინანსური სახსრებისა ხელისუფლება გამოძებნის გზას, რათა ეს ფინანსური საშუალებები მიმართოს გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ხოლო ფრონტერასთან და სხვა მსგავს კომპანიებთან გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები კვლავ შემოვიდეს ქვეყანაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ",- ნათქვამია განცხადებაში. 

რამდენიმე დღის წინ "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და "ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა მოიგეს. მათი განმარტებით, 2020 წლის 17 აპრილს, საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა. სხვა საკითხებთან ერთად., საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენმა“ არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმაში გამოიხატა.  

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და "ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს" ცნობით, "ფრონტერას" დაევალა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე, მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აანაზღაუროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system