თავში

ფულის მასის მოძრაობის დინამიკა ივნისში

ფულის მასის მოძრაობის დინამიკა ივნისში
ფულის მასის მოძრაობის დინამიკა ივნისში

2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 149.2 მლნ ლარით (3.0 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.8 მლრდ ლარი შეადგინა. საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 95.4 მლნ ლარით (2.0 პროცენტით) გაიზარდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის ტემპი 13.8 პროცენტს გაუტოლდა.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის(სებ-ის) ივნისის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

დოკუმეტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით გაყიდა 55.7 მლნ აშშ დოლარი. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა ივნისში 52.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 108.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

ივნისში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 60.8 მლნ ლარით გაიზარდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 1,455.8 მლნ ლარს გაუტოლდა. საანგარიშო პერიოდში, განთავსდა და დაიფარა 20-20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები. 

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 390.0 მლნ ლარით და 2,160 მლნ ლარი შეადგინა. 

აღნიშნულ პერიოდში ასევე გაიცემოდა ერთდღიანი სესხი, რომლის ნაშთი თვის ბოლოსთვის გაიზარდა 30.0 მლნ ლარით. საანგარიშსწორებო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 138.6 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის 2,752.1 მლნ ლარს გაუტოლდა. 

ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, თვის განმავლობაში სარეზერვო ფულის მოცულობა 149.2 მლნ ლარით შემცირდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 33.0 მლნ ლარით შემცირდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები 118.6 მლნ ლარით შემცირდა. კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთების ოდენობამ 2.4 მლნ ლარამდე მოიმატა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system