თავში

გალის მოსახლეობის კეთილდღეობა ომამდე და დღეს

გალის მოსახლეობის კეთილდღეობა ომამდე და დღეს
გალის მოსახლეობის კეთილდღეობა ომამდე და დღეს

ცხოვრების ხარისხი გალის რაიონში დღეს უკიდურესად გაუარესებულია. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, ჯერადი ჩამორჩენაა. თუმცა ომამდელ მდგომარეობას შევადარებთ, ცხოვრების პირობებით, ფულადი შემოსავლებით არა მხოლოდ გალი, მთლიანად აფხაზეთი ენგურსაქეთა საქართველოს, მისივე შეფასებით, დაახლოებით 1.3-ჯერ უსწრებდა.

,,მიიჩნეოდა, რომ 1980-იან წლებში საქართველოს რაიონებს შორის გალში იყო ყველაზე მაღალი კეთილდღეობის დონე. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, გალთან ვერ მოდიოდა ვერც სოხუმის რაიონი და ვერც ოზურგეთი ან ქობულეთი. ეს რაიონები დავასახელე, რადგან სხვებთან შედარებით, აქ საქართველოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით მეტად მაღალი იყო ცხოვრების დონე. საშუალო წლიური შემოსავალი, ოჯახზე გაანგარიშებით, დაახლოებით 110 ათას მანეთამდე იყო. ცნობილ აფხაზეთელ, გალელ ჟურნალისტს, ნატო კორსანტიას, თავის ერთერთ პუბლიკაციაში ნახსენები აქვს კიდეც, რომ აფხაზეთზე საქართველოს იურისდიქციის დაკარგვის შემდეგ გალიდან გუდაუთაში იმდენი ქონება გაიზიდა, თვითონ აფხაზები ტრაბახობდნენ, გამოზიდული ქონების სიმძიმით მიწამ გუდაუთაში 1,5 მეტრით დაიწიაო. ეს მეტაფორული გამოთქმა საკმაოდ ობიექტურად წარმოაჩენს მწარე რეალობას. ცარიელ-ტარიელი დატოვეს ეს ხალხი, რომლებსაც ფაქტობრივად ნულიდან მოუწიათ ცხოვრების დაწყება. ჯერ კიდევ 1998 წლამდე და შემდეგ წლებში, ოკუპაციის პირობებში გალის რაიონის ტერიტორიაზე 2000-მდე მშვიდობიანი მოსახლეა დახვრეტილი და დაღუპული ", - აცხადებს სოსო არჩვაძე report.ge-თან.

რაც შეეხება ცხოვრების დონის განმსაზღვრელ პირობებს, ომამდელი გალი წარმატებას აღწევდა სოფლის მეურნეობის და მრეწველობის მაღალი განვითარებით, განსაკუთრებით კი ენერგეტიკით - ,,ენგურჰესს", ამასთან, სოფლის მეურნეობის პროდუქციას დიდი მოთხოვნა და გასავალი ჰქონდა.

,,მაღალ დონეზე იყო განვითარებული ისეთი კულტურების წარმოება-რეალიზაცია, როგორიცაა ციტრუსები, ტუნგო, დაფნა, ჩაი და სხვა, რომელი ერთი ვთქვა! მიწაც ისეთი ნოყიერი იყო, ტყუილად როდი ამბობდნენ: ,,გალში უკუღმა რომ გადაგეგდო მარცვალი, წაღმა ამოვიდოდა". ამ ყველაფერს ხელს უწყობდა საზოგადოებრივი დასაქმება, სტაბილური ხელფასი და შემოსავლები დამხმარე მეურნეობებიდან. რაც შეეხება შემოსავლებს, 80-იან წლებში, ენგურს იქით, აფხაზეთში, მოსახლეობის შემოსავლები 1 სულზე, როგორც უკვე ითქვა, დაახლოებით1.3-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ენგურს აქეთ. ახლანდელი მდგომარეობით, აფხაზეთის ეკონომიკა რომ ავიღოთ, იგი ძირითადად დამოკიდებულია მომსახურების სექტორსა და სოფლის მეურნეობაზე, ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის ნახევარი კი რუსეთის სახლმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელებულ ტრანსფერებზეა „ჩამოკიდებული“. ამჟამად, ეკონომიკური განვითარების დონით, აფხაზეთი, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ენგურსაქეთა საქართველოს დაახლოებით 60%-ის დონეზეა, ხოლო ერთ დროს ეკონომიკური კეთილდღეობის მდგომარეობით ლიდერი გალის რაიონი საშუალო აფხაზეთის მაჩვენებელს დაახლოებით 20 პროცენტით, ხოლო ენგურსაქეთა საქრთველოს ორჯერ და მეტად ჩამორჩება.

მხედველობაშია მისაღები, რომ აფხაზურ მხარეს უსასყიდლოდ მიაქვს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ჯამური საბაზრო ღირებულება 1993 წლის შემდეგ უკვე საგრძნობლად გადასცდა 700 მლნ დოლარს. ენგურჰესიდან მიღებული უფასო ელექტროენერგია და რუსეთიდან განხორციელებული ფინანსური ტრანსფერტები ის ორი მთავარი მოცემულობაა, რომლებიც აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის იმიტაციას ქმნიან", - განმარტავს სოსო არჩვაძე.

გალში დღესდღეობით არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობამ მძიმედ მიიჩნევს ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ეკონომისტი რამაზ გერლიანი და ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზეც საუბრობს.

,,მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, რადგან პროდუქტის ტრანსპორტირება ვერ ხორციელდება ანუ თუ რამე გადადის ფარულად, აკრძალული გზების საშუალებით, რაც დიდ რისკთანაა დაკავშირებული. აქამდეც პრობლემა იყო და ამ მხრივ კარანტინის დაწესებამ, რომელიც სრულიად გაუმართლებელია, ბევრი პრობლემა შექმნა. კარგია, რომ ეს შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა უნდა ითქვას, რომ აბსოლუტური სიდუხჭირეა, რასაც ფასების ზრდა ეატება. კოლოსალურად გაძვირებულია პროდუქტი გალში და ეს ლოგიკურიცაა, როცა ყველფერი ძვირდება. ფაქტობრივად, რაიონი არასატრანსპორტო ზოლშია მოქცეული. რუსული საქონელი დაუბრკოლებლად შედის, მაგრამ ნორმალური კომუნიკაციის გამო იქ იმდენად ძვირდება, რომ ყველაფრის ფასზე აისახება. 3-ჯერ ძვირია იქ რუსეთიდან იმპორტირებული პირველადი მოხმარების საქონელი, ვიდრე ის დანარჩენ საქართველოში ღირს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია მოსახლეობა. ამას ემატება ფინანსური კრიზისი. ელემენტარულად ვერ ახერხებენ მიმოსვლას, ვერ ხერხდება ფინანსების ბრუნვა, გზავნილების სისტემაც გაუმართავია", - ამბობს report.ge-თან რამაზ გერლიანი.

ეკონომისტის ინფორმაციით, სამედიცინო მომსახურების წვდომის თვალსაზრისითაც, გაუარესებულია გალელების ცხოვრების დონე. თუმცა, პარალელურად იზრდება რუსეთზე დამოკიდებულებაც. საბოლოოდ კი, მაღალმა კორუფციულმა მაჩვენებლებმა, კლანურმა გადანაწილებებმა და მართვაში გამოუცდელობამ, საკმაოდ მძიმე რეალობა განაპირობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system