თავში

სატრანსპორტო სპეციალისტები ხელისუფლებას: გამოფხიზლდით, საქართველო კარგავს ხვალინდელ დღეს

გამოფხიზლდით, საქართველო კარგავს ხვალინდელ დღეს
სატრანსპორტო სპეციალისტები ხელისუფლებას: გამოფხიზლდით, საქართველო კარგავს ხვალინდელ დღეს

"არავის გვინდა მგზავრების სიკვდილიანობა, მაგრამ რას ვაკეთებთ ამისთვის? საგზაო უსაფრთხოება არ მოგვარდება თავისით. მასში სოლიდური ფინანსური და ადამიანური რესურსი უნდა ჩაერთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება ოჯახების სიკვდილიანობა გზებზე," - ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა, განაცხადა. ლალიაშვილს კარგად ესმის, რომ ავარიებში სიკვდილიანობის ნულამდე დაყვანა, რთულია და მასზე ამბიცია მხოლოდ რამდენიმე მაღალგანვითარებლ ქვეყანას აქვს მსოფლიოში, მაგრამ საქართველოსნაირი მცირე ეკონომიკისა და მოსახლეობის რაოდენობის მქონე ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაღუპულთა რაოდენობის შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევებისას. ლალიაშვილის თქმით, ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ავარიებში ხშირია ოჯახებისა და ახალგაზრდებისა და მცირეწლოვანი მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევები.

"ახალგაზრდები იღუპებიან, საქართველო კარგავს ხვალინდელ დღეს. იღუპებიან ახალგაზრდები, ვინც უნდა განავითაროს ეკონომიკა, ესაა ტრაგიკული. განგაშის ზარს უნდა ვცემდეთ. ასეთი საგზაო შემთხვევები შემთხვევით არ ხდება ხოლმე, როგორც წესი. ოჯახები წყდება, ეს სერიოზული კვლევის საგანი უნდა გახდეს. მაგალითად, გუშინდელი საგზაო შემთხვევის აცილება თავისუფლად შეიძლებოდა. მე თავად ვიმგზავრე ამ გზაზე გუშინ. არ იყო სავალი ნაწილი მოყინული. ჩემი შეფასებით, რკინის ბარიერის არსებობისას, არ გადავარდებოდა წყალში მანქანა. დეტალურად უნდა შევისწავლოთ ყველა შემთხვევა. ესაა სახელმწიფოს როლი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ რამე მიზანმიმართულ ქმედებებს უსაფრთხოების პრევენციისთვის განხორციელებულს. ამიტომ ველით ვითარების გაუარესებას. გვინდა მეტი ყურადღება გამოიჩინოს ხელისუფლებამ," - განაცხადა "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, საგზაო უსაფრთხოების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო რგოლი შეიქმნა 5 წლის წინ. 5 წლის განმავლობაში შედეგი არ გაუმჯობესდა.

"დადებითი შედეგი არ გვაქვს. როცა ზრუნავს სახელმწიფო საგზაო უსაფრთხოებაზე, ეს სტატისტიკაზე აუცილებლად აისახება ხოლმე. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო 2017 წელი, როცა, შემცირდა საგზაო შემთხვევებში როგორც დაშავებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობა. ეს იყო 2016 წელს გატარებული სამუშაოების შედეგი. ევროპულ ქვეყნებზე უნდა გვქონდეს სწორება. ეს ჩვენი არჩევანია და სავსებით შესაძლებელია ამის მიღწევა. ლიეტუვას მაგალითი და გამოცდილება უნდა გავიზიაროთ. ამ ქვეყანამ საგზაო უსაფრთხოებას სერიოზულად მოჰკიდა ხელი 2008 წლიდან, როცა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის შვილი შეეწირა ავტოკატასტროფას. მაშინ ხელისუფლება დაჰპირდა ხალხს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას გაანახევრებდნენ 2 წელიწადში. დღევანდელი შედეგი ასეთი აქვთ: თუ 2008 წელს ავარიებს 800 პირის სიცოცხლე შეეწირა, 2019 წელი ქვეყანამ ამ მაჩვენებლის 170-მდე შემცირებით დაასრულა," - აღნიშნა ლალიაშვილმა და დასძინა, რომ ტექინსპექტირების ამოქმედებაც დიდი შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა. მისივე თქმით, ტექინსპექტირება რომ გამართულად მუშაობდეს, შემცირდებოდა გამონაბოლქვი, რაც ასე არ მოხდა.

" დღეს შსს ავტოსაგზაო შემთხვევებს მხოლოდ 18 მიზეზზე იკვლევს ადა 18-ივე ადამიანური ფაქტორია. ანუ ავტოსაგზაო შემთხვევის კვლევა დღეს მხოლოდ ადამიანური ფაქტორით ხდება. გვერდზე რჩება ისეთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, როგორიცაა ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა. ასეთ შემთხვევაში, სრული სურათი ვერ გვექნება და ვერც შევებრძოლებით მიზეზს, შედეგად ვერ დადგება შედეგიც. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად იდენტიფიცირდეს, შეიქმნას, წამყვანი უწყება, რომელიც დაექვემდებარება პრემიერს და იქნება პასუხისმგებელი სატრანსპორტო საკითხებზე. მმართველობა უნდა განხორციელდეს ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად, როგორც ხდება დღეს. პრემიერის დონეზე უნდა აიწიოს საგზაო უსაფრთხოებამ. საკითხში უნდა ჩაერთოს ჯანდაცვის, ეკონომიკის, შსს-ის, განათლების, ინფრასტრუქტურის სამინისტროები და ადგილობრივი რეგიონული მუნიციპალიტეტები," - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system