თავში

გაუმკლავდება თუ არა მორიგ შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა

გაუმკლავდება თუ არა მორიგ შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა
გაუმკლავდება თუ არა მორიგ შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა

ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები მორიგი ლოქდაუნის დაწესებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ ახალ შეზღუდვებს ეკონომიკა რეალურად ვერ გაუძლებს. ბოლო რამდენიმე დღეა, შეზღუდვებთან დაკავშირებით აქტიურად საუბრობენ. ეკონომისტი რამაზ გერლიანი აცხადებს, ამ თემის წამოწევა უკავშირდება იმ წარუმატებლობას, რაც ვაქცინაციის გამო განიცადა ქვეყანამ. ასე თუ გაგრძელდა, როგორც გერლიანი ვარაუდობს, ქართული ეკონომიკა, უბრალოდ, ვერ იარსებებს. 

,,პერსპექტივა განჭვრეტადი არ არის და არ ვიცით, რა გველოდება მომავალში. იდეაში, ამ დროისთვის ეპიდემიური სიტუაცია მეტნაკლებად უნდა დალაგებულიყო და, შესაბამსიად, ეკონომიკაც, როგორც ეს სხვა ნორმალურმა ქვეყნებმა მოახერხეს. პანდემიის შესახებაც მეტი ვიცით, ვაქცინაც უკვე არსებობს და ჩვენ მაინც ისეთ მეთოდებს ვიყენებთ, როგორც მაშინ, როცა ეპიდემია გავრცელებას იწყებდა და სამყარო შოკირებული იყო. ეს არის ძალიან ცუდი. სამწუხაროდ, ძალიან ნელი ტემპით მიდის პროცესები, საინფორმაციო კამპანიაც საკმარისი არ არის და უკვე ახალ ლოქდაუნზე დაიწყეს საუბარი, რაც დიდ ზარალს მოგვიტანს. პირველ რიგში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საჯარო სექტორში არ მუშაობენ. ვინც ბიუჯეტის ხარჯზეა, იმას არა უშავს, შემოსავლები არ დაკლებია, კერძო სექტორი კი მძიმე მდგომარეობაშია. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად შეიძლება მოგვიტრიალდეს. გაუაზრებელ შეზღუდვებს აწესებენ, ამ დროს პირნადეების გამოყენებაც კი გააფორმალურეს. წესით, 2-3 საათში უნდა იცვლებოდეს და ხალხს კვირაობით უკეთია. მეტროში ან ავტობუსით იმგზავრონ და ნახონ, ვინ როგორ იცავს რეკომენდაციებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვერ უმკლავდებიან და როგორ უნდა მართონ ეს სიტუაცია", - აცხადებს report.ge-თან გერლიანი და დასძენს, რომ ახალი შეზღუდვების დაწესების ნეგატიურ შედეგს იგრძნობს ეკონომიკის ყველა დარგი, განსაკუთრებით კი ბიზნესზე აისახება, შეიძლება, უამრავმა ადამიანმა სამსახური ისევ დაკარგოს, რაც რამდენიმე პუნქტით გააუარესებს დასაქმების სტატისტიკას.

,,შეზღუდვები უაღრესად რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. მთავრობა ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს ეკონომიკა. ლოკდაუნი ადგილობრივ წარმოებას ჩაკლავს, ამით ბიზნესს დიდი პრობლემა ემუქრება. შეიძლება, 7-8%-ის ფარგლებშიც შემცირდეს უმუშევრობა, მერე ამას ვერაფრით გამოვასწორებთ. ,,კომენდანტის საათიც" კი უნდა მოიხსნას, რეგულაციების გამკაცრებაზე კი საუბარიც არ შეიძლება", - ამბობს ეკონომისტი.

ანალოგიური მოსაზრებისაა ფინანსისტი პაატა ბაირახტარი, რომლის განცხადებიტაც, ახალი შეზღუდვების დაწესებით უმუშევრობის დონე, რომელიც ისტორიულად მაღალია და 20.4% შეადგენს, კიდევ გაიზრდება, ხოლო უმუშევრად დარჩენა, დამატებით 100 000-150 000 -მდე ადამიანს ემუქრება.

,,მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ ერთ სულზე) დოლარში გამოსახული, კიდევ უფრო შემცირდება და ის 4 000$-ის ფარგლებში იქნება.(დაახლოებით 2011 წლის დონეზე). ამ გამოწვევებს ხელისუფლება ფისკალური და სოციალური სტიმულების პაკეტებით უპასუხებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ისედაც დიდ ლარის მასას და წნეხს წარმოქმნის ეროვნულ ვალუტაზე. რის შემდეგაც კურსი მნიშვნელოვნად გადაიხრება და დაიწყებს ახალი წონასწორობის ნიშნულის ძებნას.ამ პროცესს განეიტრალებას ცენტრალური ბანკი სავალუტო ინტერვენციებით შეეცდება. თუმცა, ზემოთ ნახსენები სცენარის შემთხვევაში, სებ-ი ვერ მოახერხებს ბაზარზე ბალანსის შენარჩუნებას და არც გააჩნია ამის რესურსი. თავის მხრივ ეს პროცესი გამოიწვევს ახალ წნეხს ინფლაციაზე, რომელიც ნომინალური კურსიდან იქნება წამოსული, რასაც ცალსახად ვერ გაუმკლავდება სებ-ის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი, რეფინანსირების განაკვეთის სახით. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ სებ-ს მიწოდების შოკების საწინააღმდეგოდ ბერკეტი პრაქტიკულად არ გააჩნია", - აცხადებს პაატა ბაირახტარი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოგვიწევს, ძველ შეზღუდვებს დავუბრუნდეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობების შეწყვეტა, რადგან ეს ძალიან დიდ რისკს წარმოადგენს. გარდა ამისა, გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ტრანსპორტით მგზავრობაზე შეზღუდვები კვლავ დაწესდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system