თავში

გაზის გაყვანილობის შემოწმება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

გაზის გაყვანილობის შემოწმება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
გაზის გაყვანილობის შემოწმება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ბუნებრივი აირის შიდა გაყვანილობის შემოწმებისთვის მოსახლეობას საფასური დაეკისრება.  თუმცა 2021 წლამდე ქსელის შემოწმებას სპეციალისტები უფასოდ განახორციელებენ. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში" ცვლილება  2021 წელს ამოქმედდება. კანონპროექტი უკვე მზადაა და მისი მიზანი უსაფრთხოების პრევენციაა.  რის განხორციელებასაც მთავრობა მოსახლეობის ხარჯზე გეგმავს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზი არის ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილება.

მართალია, აღნიშნულ პროექტში გადასახადთან დაკავშირებით ჩანაწერი არ არის, თუმცა ეს ფაქტორი სამომავლოდ ასახვას ტექნიკურ რეგლამენტში ჰპოვებს, რასაც ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მედიასთან საუბრისას ადასტურებს.

მისი თქმით, რეგულაცია საერთაშორისო პრაქტიკის ანალოგი და ენერგოუსაფრთოებისათვის აუცილებელია.  ვარდიაშვილი ცვლილებების მომზადებაში თავად მონაწილეობდა და მისი თქმით, პრაქტიკაში დანერგვა 2021 წლიდან დაიწყება.

,,ცვლილებები 2021 წლიდან შევა ძალაში, ამიტომაც არც მიახლოებითი ტარიფები და არც კონკრეტული მონახაზი ამ ეტაპისათვის ცნობილი არ არის. იქამდე 1 წელია და უფრო კონკრეტულად დაიგეგმება და ჩამოყალიბდება რეგლამენტი თავისი ფუნქციებით, საფასურით და სხვა დეტალებით", - აცხადებს ვარდიაშვილი. 

ეკონომიკის სამინისტროში report.ge-ს განუმარტეს, აღნიშნული ორგანოები გაზის შიდა ქსელების შემოწმების ვალდებულებას მთლიანად გადაიბარებენ, მათი შემოწმება წელიწადში ერთხელ იქნება სავალდებულო. 

სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე გაზის ქსელის შემოწმებას თავად გაზგამანაწილებელი კომპანიები ახორციელებენ, რაც არასაკმარისია, ამიტომ აუცილებელია, რომ სამომავლოდ ქსელისა და გაზის დანადგარების გამართულად მუშაობაზე დასკვნა გასცენ დამოუკიდებელმა აკრედიტებულმა ორგანოებმა, რომლებსაც არც ერთ მხარესთან არ ექნებათ ინტერესთა კონფლიქტი. ასეთი ორგანოების ჩამოყალიბებამდე კი, სულ მცირე 2020 წლის განმავლობაში, იმოქმედებს ერთგვარი გარდამავალი პერიოდი, როდესაც შემოწმების უფლებამოსილება ექნებათ როგორც აღნიშნულ დამოუკიდებელ ორგანოებს, ისე არსებული გაზგამანაწილებელი კომპანიების ინსპექტორებს და კვალიფიციურ პირებს.

სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული ფასი იყოს რეგულირებული. სწორედ დამოუკიდებელი ორგანოს დასკვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას გამანაწილებელი კომპანია, უნდა გათიშოს თუ არა გაზმომარაგება კონკრეტული მომხმარებლისთვის.

ამასთან, ინსპექტირების ორგანოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების, შესაბამისობის, შეუსაბამობის (დარღვევის დაფიქსირების) და შემოწმების აქტის გაცემის საფუძვლები და წესი, ასევე შესაბამისი ეტაპების ამოქმედების ვადები განისაზღვრება „ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც მთავრობამ უნდა მოამზადოს.აღნიშნულ ცვლილებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს.

კანონპროექტის მიღება თავის მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მოახდენს გავლენას. რადგან აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანო, ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლის შიდა ქსელის შემოწმების მომსახურებისათვის მიღებულ შემოსავალზე კანონმდებლობით დადგენილ გადასახადს გადაიხდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system