თავში

ღვინის თემაზე ვებინარი გაიმართა

ღვინის თემაზე ვებინარი გაიმართა
ღვინის თემაზე ვებინარი გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, „ქართული ღვინის ფორუმში“ მესამედ, ამჯერად ონლაინ ფორმატში გაიმართა. ფორუმში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დიტანციურად მიიღო მონაწილეობა.  

სამეცნიერო ვებინარი ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიისა და ღვინის დაყენების უნიკალურ კულტურას მიეძღვნა. ქართული ღვინის ისტორიის, გენეტიკისა და ტრადიციების პარალელურად, მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს მეღვინეობის ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, დარგის წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მისი პოტენციალი და პერსპექტივები, ასევე, ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგია ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო პანდემიამდე და პანდემიის პირობებში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ფორუმი ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ინიციატივით იმართება. პირველ ფორუმს, 2018 წელს, ვაშინგტონმა, ხოლო გასულ წელს, ბოსტონმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე უმასპინძლა. მიმდინარე წელს ფორუმის გამართვა აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ დევისში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მეღვინეობის უნივერსიტეტის ბაზაზე, რობერტ მონდავის ცენტრში იგეგმებოდა. თუმცა, პანდემიის გამო, მისი ჩატარება ონლაინ ფორმატში გადაწყდა. ფორუმის ფარკლებში მიმდინარეობს სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს განიხილავენ.
ფორუმის ფარგლებში იმართება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციებიც პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროების წარმომადგენლებისთვის. ქართული ღვინის წარდგენა მოხდება ონლაინ და მასში 50-მდე ღვინის პროფესიონალი დისტანციურად ჩაერთვება.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო 5 წელია ექსპორტი სტაბილურად მზარდია. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა, პანდემიის პირობებშიც სხვადასხვა ფორმატში, მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა. შედეგად, მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system