თავში

გველის თუ არა საფრთხე მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებით

გველის თუ არა საფრთხე მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებით
გველის თუ არა საფრთხე მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებით

იმპორტიორების განცხადებით, ეპიდემიური ვითარების გამო რიგი ქვეყნები იძულებული არიან, სტრატეგია შეცვალონ და გაამკაცრონ ექსპორტის პირობები, განსაკუთრებით, სტრატეგიული პროდუქტების გაყიდვისას. ამის შესახებ report.ge-თან ,,საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის" ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს. 

,,ადამიანებს პროდუქტი ყოველდღიური მოხმარებისთვის სჭირდება და მნიშვნელოვანია, თავისი ქვეყნების პრიორიტეტები უფრო წინ დააყენონ, ვიდრე ექსპორტიდან შემოსული თანხები ანუ ბიზნესმა ქცევის წესები შეცვალა. პანდემიამ მოიტანა ის, რომ ყველა ცდილობს საკუთარ თავზე იზრუნოს. ჩვენ ვართ ფაქტის წინაშე, ხორბლის შემთხვევაში, წარმოება 10%-ს არ აღემატება, წიწიბურა საერთოდ არ იწარმოება, ამიტომ მსოფლიო ფასებზე ვართ დამოკიდებული. შემდგომისთვის სტრატეგია უნდა შეიცვალოს და ადგილობრივი წარმოების განვითარებას შეეწყოს ხელი. ცოდნა და ტენოლოგიური განვითარება გვჭირდება. მსოფლიო ბაზარს საგრძნობლად ჩამოვრჩებით მარცვლეულის მოსავლიანობის მხრივ 1 ჰა ფართობზე, 3-ჯერ ნაკლებს ვაწარმოებთ, რაც სწორედ ტექნოლოგიების დეფიფიტით არის გამოწვეული. აგრარული ცოდნის და ტექნოლოგიების გამოყენებით თუ ავწევთ მოსავლიანობას, კარგ შედეგს მივიღებთ. ეს არის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს უნდა დაეფუძნოს, რაზეც მუშაობა მიდის", - აცხადებს ლევან სილაგავა.

იმპორტთან დაკავშირებით მდგომარეობის გაუარესებას არ ელის აგროექსპერტი პაატა აროშიძე. მისი თქმით, ხორბალი იქნება, წიწიბურა თუ სიმინდი, მწარმოებლები ნაკლებად შეზღუდავენ ექსპორტს, ამიტომ საქართველოს და სხვა იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებს ამ მხრივ ნაკლებად ელის საფრთხე, რადგან თუ რომელიმე შეზღუდავს, აროშიძის აზრით, ალტერნატიული შესაძლებლობა იმპორტისთვის გამოჩნდება.

,,შარშან, როცა გაურკვეველი ვითარება იყო, სწორედ ასე მოიქცნენ მწარმოებლები და სასურსათო პროდუქციის ძირითადმა ექსპორტიორმა ქვეყნებმა შეზღუდეს პროდუქციის ექსპორტი ქვეყნებიდან გაურკვეველი მოლოდინების გამო. რუსეთის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ბუნებრივია, რადგან მას არ აქვს წიწიბურას თვითკმარი რაოდენობა. სხვა სახელმწიფოებიდან ასეთი ნაბიჯები ნაკლებად საპროგნოზოა, რადგან სიტუაცია მეტწილად გარკვეულია, ვიდრე შარშან, დაგეგმილი აქვთ, როგორ განახორციელონ ექსპორტი.  მარცვლეული კულტურებთან დაკავშირებით, იმპორტზე მუდმივად ვიქნებით დამოკიდებული, თუმცა სიმინდით სასურსათო უზრუინველყოფა შეგვიძლია 100%-ით, ამას ხილსა და ბოსტნეულზე ვერ ვიტყვით, ხახვის და ნივრის იმპორტიც კი გვჭირდება, რადგან მცირე რაოდენობითაა. გარდამტეხი ცვლილება უნდა შევიტანოთ, რომ წარმოება გავზარდოთ და ჩავანაცვლოთ იმპორტი საკუთარი წარმოებით ისეთ პროდუქციაზე, რომლის წარმოება შეგვიძლია. სხვანაირად შეუძლებელია, რომ მთლიანად იმპორტზე ვიყოთ დამოკიდებული", - ამბობს  report.ge-თან პაატა აროშიძე.

ცნობისთვის, დიდი ალბათობით რუსეთი წიწიბურას ექსპორტს შეზღუდავს. დროებითი რეგულაციის ინიციატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა. საკითხი ხელისუფლებამ საბაჟო ტარიფების რეგულირების სხდომაზე უკვე განიხილა. ერთი-ერთი ვერსიით, აკრძალვა ძალაში 2021 წლის 31 აგვისტომდე იქნება. ამ სეზონზე წიწიბურას ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის პროდუქტის თითქმის, 100%-იანი მომწოდებელია. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში პროდუქტის 99,9% რუსული წარმოებისაა. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, საქართველომ სულ 701 ათას 700 დოლარი წიწიბურა შეიძინა, საიდანაც, 701 ათას 400 დოლარის პროდუქტი სწორედ რუსეთიდან იმპორტირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system