თავში

გზავნილები რეკორდულ მიჯნას უახლოვდება

გზავნილები რეკორდულ მიჯნას უახლოვდება
გზავნილები რეკორდულ მიჯნას უახლოვდება

ეპიდემიურ მდგომარეობაში, როცა ქვეყნის თითქმის ყველა ეკონომიკური პარამეტრი გაუარესებულია, გზავნილები ზრდის ტენდენციას ინარჩუნებენ და უკვე ინვესტიციებსსაც საგრძნობლად გადაუსწრო. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე report.ge-თან განმარტავს, გზავნილებმა მიმდინარე საუკუნეში დიდი ევოლუცია განიცადეს და უკვე ახლოს არიან რეკორდულ მიჯნასთან, რომელიც ძალიან მალე დაიძლევა. 

,,გზავნილებს და ინვესტიციებსაც აქვს პოზიტიური ეფექტი, ერთიც და მეორეც ზრდის ეკონომიკაში არსებულ ფინანსური რესურსებს, მულტიპიკატორული ეფექტი აქვთ, თუმცა მათი მთავარი დანიშნულება განსხვავებულია. ინვესტიციები კაპიტალური დანიშნულებსიაა, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი, რამაც უნდა უზურუნველყოს წარმოების და ბიზნესის ამა თუ იმ სფეროს ფორმირება, რითაც ხეირს ნახულობს სახელმწიფოც და მოსახლეობაც, რადგან იძლევა დასაქმების შესაძლებლობას. გზავნილების 80-90% ქვეყნიდან გასული შრომითი მიგრანტების, საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოეთში საქმიანობით მოპოვებული შემოსავლების რეპატრიაციაა, დაბრუნება ფულადი რესურსის სამშობლოში და ძირითადად მიმდინარე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ხმარდება. ხოლო საუკუნის დასაწყისის მდგომარეობას თუ შევადარებთ, მათი მოცულობა იყო დაახლოებით 200 მლნ დოლარის ფარგლებში, ამჟამად, გასული წლის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ თითქმის 1,8 მლრდ დოლარს მიაღწია. რეკორდული მიჯნა წელს უკვე დაძლეული იქნება ანუ ახალ მიჯნაზე მოგვიწევს გასვლა - თითქმის 2 მილიარდიან ზღვარზე. ამას აქვს მეორე მხარეც, გაზრდილი ფულადი გზავნილები არის შებრუნებული მაჩვენებელი ქვეყნის გარეთ გასული მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობისა, რომლებიც ხანგძლივად არიან მოწყვეტილი ოჯახის წევრებს და ფაქტობრივად სხვა ქვეყნის დოვლათის ზრდაში დებენ საკუთარ ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. გაცილებით კარგი იქნებოდა საქართველოში ყოფილიყო ეს უნარ-ჩვევები გამოყენებული", - ამბობს არჩვაძე. 

სტატისტიკოსის შეფასებით, გარდა იმისა, რომ ბოლო წლებში იზრდება გზავნილების აბსოლუტური მოცულობა, მათი შინაარსობრივი დატვირთვაც შეიცვალა. კერძოდ, ისინი თანდათან იძენენ რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, ახალ თვისობრიობას, კერძოდ, გზავნილებს საინვესტიციო დატვირთვის ელფერიც ენიჭებათ. 

,,გზავნილების მოცულობა უფრო კაპიტალურ დაბანდებებს ხმარდება, რაც შეიძლება იყოს როგორც უძრავი ქონების შეძენა, ასევე ბიზნესის წამოწყება, ძვირადღირებული, ხანგძლივი მოხმარების საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლისა და ნივთების შეძენა და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ ევოლუცია განიცადეს", - დასძენს report.ge-თან არჩვაძე.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 161.4 მლნ. აშშ დოლარი (534.0 მლნ. ლარი) შეადგინა, რაც 17.5%-ით (24.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ. დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system