თავში

Hub Georgia ხელისუფლებას მოქალაქეების სიცოცხლისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს

Hub Georgia ხელისუფლებას მოქალაქეების
Hub Georgia ხელისუფლებას მოქალაქეების სიცოცხლისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯია“ ხელისუფლებას მოქალაქეების სიცოცხლისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ურუშაძის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილი სტატისტიკა მეტყველებს იმაზე რომ ხელისუფლებას არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკა აქვს.

"მთავარი პრობლემა, რის გამოც სამარცხვინო მდგომარეობა გვაქვს ავტოსაგზაო შემთხვევებში დაშავებულთა და გარდაცვალებულთა სტატისტიკაში, ისაა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას გულგრილი დამოკიდებულება აქვს ადამიანების, საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის მიმართ. მთავარი პრობლემა მტავრობის ზედაპირული მიდგომაა საკითხისადმი. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იწვევს ავარიებს გზებზე, რადგან შსს და მთლიანად ხელისუფლება აღწერს მხოლოდ სიტუაციას,ანუ არითმეტიკულად ითვლის გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანების რაოდენობას. დგინდება მხოლოდ მძღოლის ბრალეულობა ზედაპირული შესწავლის შედეგად. სხვა შესწავლას არ ახდენენ. ეს არასწორია.შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებები ვერ გატარდება,თუ არ გვეცოდინება რა იწვევს რეალურად ამდენ ავარიებს. ფოკუსი უნდა გვქონდეს რეალურ მიზეზებზე. კონტექსტიდან, ერთიანი სტრატეგიიდან ამოვარდნილი ღონისძიებები, მაგალითად, როგორიცაა, ჯარიმების გამკაცრება, ვიდეომონიტორინგის ხარისხისა და არეალის გაზრდა, არაა საკმარისი. ეს არ ახდენს ავარიის პრევენციას და არ დგება შედეგი. დააკვირდით, იზრდება ვიდეომონიტორინგი, ანუ კამერების რაოდენობა, იზრდება ჯარიმების ოდენობა, არ მცირდება ავარიების რაოდენობა. იმიტომ, რომ ფრაგმენტული ღონისძიებები არ მოიტანს შედეგს. შედეგი ექნება კვლევებით დადგენილ მიზეზებთან ბრძოლას, რომელიც მოქცეული იქნება ერთიანი სატრანსპორტო სტრატეგიის ჩარჩოში," - აცხადებს ვასო ურუშაძე და დასძენს რომ სატრანსპორტო პოლიტიკის ვრცელი დოკუმენტი ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს თაროზე აქვს შემოდებული. არადა ის ჯერ კიდევ 2015 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შემუშავდა და მას 100 ათასი დოლარი მოხმარდა.

"ჯერ კიდევ არ გვყავს ტრანსპორტზე, სატრანსპორტო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, ვინც ანგარიშს და გეგმას წარუდგენდა საზოგადოებას. ამოტრიალებული ავტომობილების აქცია,ან სხვა აქციები შედეგზე რომ არაა ორიენტირებული, როდის უნდა მიხვდნენ? საკითხი იმდენად კომპლექსურია, რომ მხოლოდ მძღოლის არ უნდა იყოს დამნაშავე. ყოველი ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დონეზე უნდა იკვლეოდეს, რომ ხდებოდეს მეორეს პრევენციის საფუძველი. სტრატეგია გვაქვს, მასზე სოლიდური ფულიო დაიხარჯა და დღემდე, 5 წლის სემდეგაც კი, არავინ იცის რა ეტაპზეა ახლა ის? შედეგად ევროპაში ვლიდერობთ ავტოსატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილების რიცხვით. ეს თავმოყვარეობის ამბავიცაა. რა ამბიცია უნდა გვქონდეს ტურიზმზე ან სხვა განვითარებაზე, როცა ადამიანები არაა დაცული ქუჩაში. ინვესტორს ასეთ ქვეყანაზე რა წარმოდგენა შეექმნება?" - კითხულობს ვასო ურიშაძე და იშველიებს შსს-ს მიერ გასაჯაროებულ სტატისტიკას, რომლის მიხედვით, საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რიცხვი სტაბილურად იკლებდა ბოლო 4 წლის მანძილზე, თუმცა 2019 წელს ის გაიზარდა.

2015 წელს საქართველოში 6432 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 602 ადამიანი და დაშავდა 9187.

2016 წელს მოხდა 6939 ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაიცვალა 581 და დაშავდა 9951 ადამიანი.

2017 წელს 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 517 ადამიანი და დაშავდა 8461.

2018 წელს, ჯამში 6452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც გარდაიცვალა 459 ადამიანი და დაშავდა 9047.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system