თავში

იმერეთის აგროზონა იქმნება

იმერეთის აგროზონა იქმნება

220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერი საერთაშორისო და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს ინვესტირების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც გულისხმობს: მაღალი, საშუალო და დაბალ ტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნას და განვითარებას.

ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუმარტეს.  სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ, 2020 წლის თებერვალში, ქართულ-ჰოლანდიურ საკონსულტაციო კომპანიასთან „GeoHolding” & KSH Consortium ერთად დაიწყო.

იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის განხორციელებისთვის, 220 ჰა მიწის ფართობი საქართველოს მთავრობამ წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოყო.

პროექტის კონცეფციის თანახმად, სახელმწიფო განავითარებს ძირითად ინფრასტრუქტურას, რათა უზრუნველყოს იმ ბიზნესების უწყვეტი ოპერირება, რომელთა შექმნაც პროექტით არის გათვალისწინებული.

შპს „იმერეთის აგროზონა“ (IAZ), ინტერესთა გამოხატვით (EOI) დაინტერესებული პირების წინადადებებს 2021 წლის 30 აპრილამდე მიიღებს.

სრული ინფორმაცია ინტერესთა გამოხატვაზე იხილეთ ვებგვერდზე www.iaz.ge.

ცნობისთვის, ,იმერეთის აგროზონა" დასაქმების მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად ითვლება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 900-ზე მეტი ადამიანის დასაქმება, რასაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი ექნება იმერეთის რეგიონისთვის. „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე კლასტერში დაგეგმილია სატრენინგო- სადემონსტრაციო ცენტრის ჩამოყალიბებაც, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ შეისწავლონ თანამედროვე სასათბურე ტექნოლოგიები და დასაქმდნენ სასათბურე მეურნეობებში. კლასტერის ტერიტორიაზე შეიქმნება ლოგისტიკური ცენტრიც, რომელიც უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის სხვადასხვა ბაზარზე წვდომას. სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ქართულ-ნიდერლანდური კონსორციუმი გასულ წელს, „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტზე გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე შეირჩა.

საქართველოში ორგანიზებული აგროზონების შექმნა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულზე დაანონსდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system