თავში

ინფლაცია იზრდება

ინფლაცია იზრდება
ინფლაცია იზრდება

2020 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ოქტომბერთან შედარებით ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონეზე ყველაზე მეტად, 0.2 პროცენტული პუნქტით (პპ), ყველის გაძვირებამ იმოქმედა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ნოემბრის თვის მიმოხილვაში. 

დოკუმენტში განმარტაბულია, რომ თვალშისაცემად გაძვირდა პომიდორი, ბენზინი და ზეთი. სებ-ის განმარტებით, თითოეული ამ პროდუქტის ფასის მატების გავლენამ ინფლაციაზე 0.1 პპ შეადგინა. საპირისპიროდ, 0.1 პპ-ით შეამცირა ინფლაცია მანდარინის გაიაფებამ. წლიურ ჭრილში სურსათი 6.0 პროცენტით არის გაძვირებული. 

"ნოემბრის 3.8 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.7 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველზე და ზეთზე - 0.6 პპ. სხვა პროდუქტებიდან 10 პროცენტით სიგარეტის (წვლილი ინფლაციაში 0.3 პპ) და, მსოფლიო ბაზარზე ოქროზე ფასის მატებით გამოწვეული, ქორწინების ოქროს ბეჭდის 41 პროცენტით გაძვირებაა (წვლილი ინფლაციაში 0.2 პპ) გამოსარჩევი. ნოემბერში წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად, ბენზინის, დიზელის და გაზის საწვავის გაიფება მოქმედებდა, ჯამში 0.8 პპ-ით. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 4.8 პროცენტამდე შემცირდა. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 3.0 პროცენტი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 4.2 პროცენტი შეადგინა. შერეული საქონელი 4.1 პროცენტით გაძვირდა. იმპორტირებული საქონლის ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საწვავის ფასის წლიურად შემცირებას უკავშირდება," - ვკითხულობთ მიმოხილვაში. 

აქვე აღნიშნულია, რომ 2020 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 1.3, 0.4, 0.9 პროცენტით მოიმატა. 0.2 პროცენტით გაძვირდა მომსახურება. წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 4.6, 4.0 და 9.2 პროცენტით მოიმატა. მომსახურება 1.7 პროცენტით გაძვირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system