თავში

ივანე მაჭავარიანი: ტელევიზიების ინკასოზე სპეკულაციებს აქვს ადგილი

ივანე მაჭავარიანი: ტელევიზიების ინკასოზე სპეკულაციებს აქვს ადგილი
ივანე მაჭავარიანი: ტელევიზიების ინკასოზე სპეკულაციებს აქვს ადგილი

ტელევიზიებიდან გადასახადების ამოღება ინკასოს საშუალებით ხდებოდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, მათ ვინც გადასახადი არ გადაიხადა, ინკასო მოუწია, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო.

მინისტრის განცხადებით, სპეკულაციაა, რომ ვინმე სპეციალურად ამოარჩიეს ინკასოს დადებისთვის.

„ინკასოების თემას უსამართლო აჟიოტაჟი მოჰყვა, თითქოს ქვეყანაში კრიზისის დროს ინკასო შეგნებულად დაედო ორ ტელევიზიას. არადა, ბოლო რამდენიმე თვეა (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) ამ ტელევიზიებიდან თანხების ამოღება ინკასოების მეშვეობით ხდებოდა, რადგან ისინი ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს. საერთოდ არ იყო კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი ქვეყანაში, ინკასოს დადება იყო გადასახადის ამოღების ჩვეულებრივი გზა. იმ შეღავათების გარდა, რომელიც გავავრცელეთ ტურიზმის სექტორსა და სხვა მომიჯნავე სფეროებზე, დარჩა უამრავი სხვა სექტორი, მათ შორის, ტელევიზია, ქარხანა თუ უამრავი სხვა კომპანია, რომელზეც არ გავრცელდა ეს შეღავათი. მათაც, ვინც ვერ გადაიხადა გადასახადი, მოგვიწია ინკასოს დადება. ახლა, საუბარი სწორედ იმაზეა, სამომავლოდ, ეკონომიკის შენელების ფონზე, ამ კომპანიებსაც რომ გაუჭირდებათ გადასახადის გადახდა, შეიძლება თუ არა ფიქრი შეღავათების დაწესებაზე. ბიუჯეტის განხილვა ამ კუთხითაც მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, გვეზრდება სოციალური ტვირთი, სოციალური გადასახდელები და, მეორე მხრივ, გვიმცირდება შემოსავლები, ამიტომ მნიშვნელოვანია მოიძებნოს სწორი გამოსავალი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ტელევიზიების ინკასოს საკითხს გამოეხმაურა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილიც.

"თუკი ამ ტელევიზიებს პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საშეღავათო პირობებით სარგებლობა სურდათ, შემოსავლების სამსახურში შესაბამისი ფორმა ელექტრონულად უნდა შეევსოთ და ინკასო არ დაედებოდათ. ნუთუ დაეზარათ? საზოგადოებამ ისიც კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს ტელევიზიები არც კორონა ვირუსის პანდემიამდე იხდიდნენ გადასახადს ინკასოს დადების გარეშე და მუდმივად „ქვემოდან გამოძრომას ცდილობდნენ“. ახლა კი შანსი მიეცათ და არსებული მძიმე ვითარების ფონზე, კრიზისით ისარგებლეს, სრულიად აბსურდული პანიკა ატეხეს და ამაზრზენ და უსინდისო ტყუილს ავრცელებენ, ვითომდა ხელისუფლება სხვა ტელევიზიებს ანებივრებს და ინკასოს არ ადებს. წესით, ამ ადამიანებს კარგად უნდა ახსოვდეთ, რომ პირველ ოქტომბერს შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ძველ დავალიანებაზე, მაგალითად, იმაზე, რომელიც დააგროვა ნიკა გვარამიამ, როდესაც „რუსთავი 2“-ს ძარცვავდა და „იმედისა“ და „მაესტროს“ ძველი დავალიანება, რომელიც ამ ტელევიზიებმა გვარამიას წამხედურობით დააგროვეს, შეთანხმდნენ და დადგინდა გადახდის გრაფიკი. შეთანხმება ითვალისწინებდა იმასაც, რომ პირველ ოქტომბრის შემდეგ, ტელევიზიების, მიმდინარე გადასახადი ჩვეულ რეჟიმში უნდა გადაეხადათ. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ტელევიზიები, რომელთაც ინკასო დაედოთ და დღეს აპოკალიფტური სურათის დახატვას ცდილობენ, არც პირველი ოქტომბრის შემდეგ იხდიდნენ მიმდინარე გადასახადს - ამით უკვე ყველაფერი გასაგებია," - წერს ყაველაშვილი ფეისბუქგვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system