თავში

ჯანდაცვა ციფრებში - საქსტატის მონაცემები

ჯანდაცვა ციფრებში - საქსტატის მონაცემები
ჯანდაცვა ციფრებში - საქსტატის მონაცემები

საქსტატმა სამედიცინო სფეროს მაჩვენებლები გაასაჯაროვა. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 265 საავადმყოფო, 17.5 ათასი საწოლთა ფონდით (2018 წელს 16.0 ათასი). საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა შეადგინა 4.9 დღე (2018 წელსაც - 4.9 დღე), ხოლო დატვირთვამ - 179.5 დღე (2018 წელს - 187.2 დღე). 

საქსტატის ცნობით, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2 280 ერთეული შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 13 470 ათასს გაუტოლდა, რაც 9.8 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.7 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 748 ერთეულით (2.4 პროცენტით) აღემატება.

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით 8.8 პროცენტით გაიზარდა დასაქმებული საექთნო პერსონალის რიცხოვნობა და 19 613 კაცი შეადგინა.

2019 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 11.0 პროცენტით შემცირდა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულს 2015 წელს აღწევდა.

2018 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა, დაავადებათა ძირითადი ჯგუფების უმეტესობაში, შემცირების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების რაოდენობა შემცირდა 7.4 პროცენტით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების - 13.5 პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების - 12.3 პროცენტით, შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების - 21.6 პროცენტით, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის - 0.3 პროცენტით, პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის - 30.3 პროცენტით, ხოლო თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები შემცირებულია 36.4 პროცენტით. ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 32.8 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (17 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (7.9 პროცენტი) ავადმყოფობები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system