თავში

კახა კალაძემ საკრებულოს 2 წლის ანგარიში წარუდგინა

კახა კალაძემ საკრებულოს 2 წლის ანგარიში წარუდგინა
კახა კალაძემ საკრებულოს 2 წლის ანგარიში წარუდგინა

დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოს წინაშე 2 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშით წარდგა. 

დედაქალაქის მერის თქმით, წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი შვიდი პოლიტიკა ხორციელდება სწორედ იმისათვის, რომ თბილისი, საარჩევნო სლოგანის შესაბამისად, სიცოცხლით სავსე ქალაქი გახდეს.

„სიცოცხლით სავსე ქალაქი, პირველ რიგში, ნიშნავს ბედნიერ ადამიანებს ამ ქალაქში, ნიშნავს უსაფრთხო, ჯანსაღ გარემოს; ნიშნავს მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, მოწესრიგებულ სატრანსპორტო სისტემას, ყველა მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ მაღალი ხარისხის სახელმწიფო სერვისებს. სწორედ ამისთვის - ჩვენი მოქალაქეების უკეთესი ცხოვრებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი ქალაქის სწორად განვითარებისთვის ვიღწვით ყოველდღიურ რეჟიმში და თითოეული თქვენგანის როლი ამ ყველაფერში არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით განხორციელებულ გარემოსდაცვით ღონისძიებებზე ისაუბრა. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა გამწვანებისა და სკვერების რეაბილიტაციის რეკორდულ მაჩვენებლებს, ასევე ბეტონის გზაგამყოფების გამწვანების შედეგებს.

„40 000 ათასი დაავადებული ფიჭვი მოიჭრა და პარალელურად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მათი ჩანაცვლება. ამ პროექტში მონაწილეობაში ბიზნესმა მზადყოფნა და დახმარების სურვილი გამოთქვა. ჩვენ ამას მივესალმებით”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ დიდ და ერთ პატარა პარკს. ასევე, მოეწყობა სამი დიდი პარკი.

„თემქის ხევში, ზღვის უბნის დასახლებაში დასრულდა პროექტი, რომელსაც ბრიტანული კომპანია აკეთებდა. ძალიან კარგი პროექტი გამოდის და მის განხორციელებას 2020 წელს ვიწყებთ. სამუშაოებს დაახლოებით ორი წელი დასჭირდება. 24 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და დაჭაობებულია, იქნება ახალი საქალაქო მნიშვნელობის პარკი. დასრულდა ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო სამუშაოები, რომელსაც ბრიტანული კომპანია ახორციელებდა. ასევე უნდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ სხვადასხვა ექსპერტის მონაწილეობითა და მოსახლეობის ჩართულობით, არაერთი შეხვედრა გავმართეთ. მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ საზოგადოების მოსაზრებები. ვაკის პარკი გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შესაბამისად, ექსპერტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების პროცესში," - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდა ავტობუსების ჩანაცვლებისა, მეტროსადგურებისა და მეტროს ვაგონების განახლებისა, საგზაო პროექტების ფარგლებში ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურაც.

კახა კალაძემ ასევე გამოყო ტაქსების რეფორმა და ზონალურ-საათობრივი პარკირება.

„ეს იყო პრობლემა, რომელსაც ვერცერთმა მთავრობამ ვერაფერი მოუხერხა და არც რამე ნაბიჯი გადადგმულა. ჩვენ ამ რეფორმის ეტაპობრივი განხორციელება დავიწყეთ. ყველა სტანდარტი და რეგულაცია დაინერგა ისე, რომ ადამიანებისთვის სიახლე შეგვეთავაზებინა ისეთი ფორმით, რომ მათ ოჯახებს ეს ტვირთად არ დასწოლოდა. ტაქსის მძღოლებისთვის ავტომობილის გადაღებვა და ფირის გადაკვრა უფასო იყო, ასევე, ქიმიურად წმენდის ვაუჩერები გადაეცათ. მათ აქვთ სხვადასხვა ტიპის სარგებელი, ასევე, ქალაქში გამოყოფილია სპეციალური ადგილები თეთრი ფერის ტაქსებისთვის. გარდა ამისა, განვახორციელეთ კიდევ ერთი რეფორმა - შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროექტს სხვადასხვა რაიონსა და ქუჩაზეც გავაგრძელებთ. ამ ეტაპზე, ორი საპილოტე პროექტი განვახორციელეთ და ძალიან წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system