თავში

კახეთში მზესუმზირის საშუალოზე მეტ მოსავალს ელიან

კახეთში მზესუმზირის საშუალოზე მეტ მოსავალს ელიან
კახეთში მზესუმზირის საშუალოზე მეტ მოსავალს ელიან

კახეთში მზესუმზირის კარგი მოსავალია. როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ბონდო ბოღაშვილმა report.ge-ს აცნობა, მზესუმზირის აღება დაახლოებით 2 კვირაში დაიწყება. მისი თქმით, შარშანდელთან შედარებით, მოსავალი ხარისხით და რაოდენობითაც აშკარად უკეთესია.

,,ამინდმა საგრძნობლად შეგვიწყო ხელი, რომ კარგი მოსავალი მივიღოთ. სეზონის დასაწყისში მაღალი ტენიანობა იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ამინდი გამოკეთდა, რაც მზესუმზირას დაეტყო, 20 აგვისტოდან მოსავლის აღებას შევუდგებით, საკმაოდ დამაიმედებელი მდგომარეობაა. რაც შეეხება ფასს, სავარაუდოდ არ შეიცვლება და 1,20 ლარის ფარგლებში იქნება. ეს არის საზეთე მზესუმზირა, რაც შეეხება საკვებს, ე.წ. საკნაწუნებელ მზესუმზირას, 1.კგ. -ის ფასი 3 ლარი ღირს. ჩვენს მუნიციპალიტეტში მზესუმზირის ფართობს 1150 ჰა უჭირავს. მოსავლიანობა ჰა-ზე საშუალოდ 1,5 ტონის ფარგლებშია. საკმაოდ ნორმალური მდგომარეობაა, ხალხი იმედიანადაა განწყობილი", - ამბობს ბოღაშვილი.

მზესუმზირას სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა, გავრცელებულია ყველგან, მათ შორის, საქართველოში, სადაც  მზესუმზირა მოჰყავთ ძირითადად კახეთის რაიონებში - სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში. როგორც ბონდო ბოღაშვილი განმარტავს,  მზესუმზირა ტენის, სითბოსა და სინათლის მოყვარულია, გვალვასაც უძლებს და ხანმოკლე სუსხსაც იტანს. კარგად ხარობს ტენიან, ჰაერ- და წყალგამტარ შავმიწაზე.

მოსავალს იღებენ კალათების ძირითადი მასის (80-90%) მურა-ყვითლად ან მურად შეფერვისას. ზეთს იყენებენ კულინარიაში, მზესუმზირას ნაცრისაგან მიღებულ პოტასიუმს ხმარობენ ქიმიურ მრეწველობაში, ჩენჩოსაგან დამზადებულ ფურფუროლს – პლასტმასის, ხელოვნური ბოჭკოსა და არამტვრევადი მინის დასამზადებლად. ჩენჩოზე 10%-იანი სინთეზური წებოს დამატებით და დაწნეხით იღებენ მოზაიკურ, ძვირფას საავეჯო ფილებს და სხვა ნივთებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system