თავში

კაპანაძეების ფერმაში ბატატის მოყვანას გეგმავენ

კაპანაძეების ფერმაში ბატატის მოყვანას გეგმავენ
კაპანაძეების ფერმაში ბატატის მოყვანას გეგმავენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაპანაძეების ოჯახი აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში. მეუღლეები, დავით და ვალენტინა კაპანაძეები და ვაჟი, დათო აწარმოებენ სხვადასხვა ბოსტნეულს, მათ შორის ბადრიჯანს, კიტრს, პომიდორს, ტკბილ წიწაკასა და ტკბილ სიმინდს. 

2019 წელს ფერმერთა ოჯახი ევროკავშირის პროექტში ჩაერთო.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) აგრონომებთან ერთად საცდელი მეურნეობები მოაწყო.ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ოჯახმა სრულიად შეცვალა მოსავლის მოყვანის წესები: ტრადიციული მიდგომებიდან გადავიდნენ თანამედროვე, არსებული გარემო პირობებისა და მოთხოვნების შესაბამის მეთოდებზე.

დასაწყისში ნახევარ ჰექტარ სადემონსტრაციო ნაკვეთზე ბადრიჯანი მოიყვანეს. FAO-ს ექსპერტების დახმარებით დაინერგა ირიგაციის, სასუქების შეტანისა და პესტ-მენეჯმენტის თანამედროვე პროგრამები. ყურადღება გამახვილდა ნაკვეთის მოწყობისას ისეთი მეთოდების გამოყენებაზე (მაგ. მულჩირება), რომლებიც მოსავალს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გვალვის, წვიმისა და სხვადასხვა მავნებლებისგან იცავს. 

ლაგოდეხის სოფელ თამარიანში კაპანაძეები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში ჩართული პირველი ოჯახი იყო. აგრობიზნესის სწორი დაგეგმვის შედეგად გაოთხმაგებული მოსავლის მიღების შემდეგ კი, მათ მეზობელმა ფერმერებმაც მიბაძეს და აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში 

ფერმერების თქმით, წვიმამ მეზობელი ფერმერების მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა, მათმა ნარგავებმა კი ყველა ამინდსა და მავნებელს გაუძლო.

ოჯახმა სულ მალე ბადრიჯნის გარდა ტკბილი სიმინდის მასობრივი წარმოება გადაწყვიტა. ყველაფერი კი FAO-ს მიერ ბაზრის კვლევის ჩატარებით დაიწყო, როცა აღმოჩნდა, რომ საქართველოში ადგილობრივად წარმოებული ტკბილი სიმინდის მოთხოვნა მაღალი იყო. 

ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO ოჯახს 0.3 ჰა ფართობზე სიმინდის დათესვაში დაეხმარა, ასევე დაინერგა საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, რომელიც გულისხმობდა მაღალი ხარისხის სათესლე მასალის გამოყენებას, სწორად დამუშავებული ნიადაგის გამოყენებასა და წყლის რესურსების ეფექტიან მართვას. მიღებული პროდუქტის რეალიზება „კარფურის“ სუპერმარკეტების ქსელში მოხდა, რითაც ოჯახმა ხელი შეუწყო ჰიპერმარკეტის ახალი საიმიჯო სტრატეგიის - „ვყიდით ქართულ პროდუქტს“ განხორციელებას. როგორც კაპანაძეები ამბობენ, ისინი ყოველკვირეულად 2-3 ტონა ბადრიჯანსა და თითქმის იმავე რაოდენობით ტკბილ სიმინდს ყიდიან.

ეს არის პროექტის ფარგლებში პირველი კონტრაქტით გამყარებული სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რომელიც ერთი მხრივ, ფერმერის შემოსავლის ზრდისკენ, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაციისკენაა მიმართული. ფერმერების მსგავსი ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში კვლავ გრძელდება და უფრო მასობრივ ხასიათს იღებს. საბოლოოდ კი, ეს ხელს უწყობს მცირე ფერმერებსა და შემსყიდველ კომპანიებს შორის უფრო ფართო თანამშრომლობას და ‘საქართველოში წარმოებული’ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანას.

კაპანაძეების ფერმაში წელს ბატატის მოყვანასაც აპირებდნენ, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო გეგმები დროებით შეფერხდა. ოჯახი იმედოვნებს, რომ ყველაფერი მალე ჩვეულ წესრიგს დაუბრუნდება, რის შემდეგაც ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით მომავალში ქართულ ბაზარზე უამრავ სიახლეს შემოიტანენ.

ბატატი კარტოფილისებრთა ჯგუფის ბოსტნეული მცენარეა, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მას საერთო არაფერი აქვს კარტოფილთან. ის ტკბილია, გამოიყენება სხვადასხვა სახის კერძების მოსამზადებლად, იჭმევა როგორც უმი, ასევე შემწვარი, მოხარშული და გამომცხვარიც კი. ბატატის სამშობლოდ ითვლება კოლუმბია და პერუ, თუმცა ბოლო ხანების უმსხვილესი მწარმოებლები არიან ჩინეთი და ინდოეთი, ახლა კი ბატატის მოყვანა საქართველოშიც დაიწყო. ლაგოდეხში მცხოვრები 81 წლის შოთა ერიაშვილი, როგორც თავადვე ამბობს, პირველია ჩვენს ქვეყანაში, ვინც ამ ბოსტნეულის მასობრივი წარმოება გადაწყვიტა. სოფლის მეურნეობის სამინიტროში გვითხრეს, რომ დღემდე საქართველოში ბატატი დიდ ფართობზე არავის მოუყვანია და ცალკეულ შემთხვევებში მხოლოდ ცდები ტარდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system