თავში

ქართული კარტოფილით არაბები დაინტერესდნენ

ქართული კარტოფილით არაბები დაინტერესდნენ
ქართული კარტოფილით არაბები დაინტერესდნენ

წელს კარტოფილის უხვი მოსავალია, თუმცა ფასი მცირეა. როგორც ფერმერები აღნიშნავენ, მოთხოვნა გააქტიურებულია და როგორც კი მოსავალი დასაწყობდება, შეიძლება ამან ფასზეც იმოქმედოს და კარტოფილი მცირედით მაინც გაძვირდეს. ფერმერების ინფორმაციით, აქამდე ქართული კარტოფილის ექსპორტი, ძირითადად მეზობელ რეგიონებში ხორციელდებოდა და შესაძლოა წელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც გავიდეს. 

ახალქალაქელი ფერმერი მახარე მაცუკატოვი report.ge-თან ამბობს, რომ შესაძლოა, არაბებთან კარტოფილის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყოს. მთავარი დაბრკოლება მისი თქმით, ინფორმაციის დეფიციტია, რადგან ადგილობრივმა ფერმერებმა არ იციან, როგორ მოახდინონ გარე ბაზრეზე პროდუქტის გაყიდვა და რა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მოუწევთ.

კარტოფილის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. ძალიან კარგი მოსავალია, ჯერჯერობით დაბალი ფასია, მაგრამ ამის გამო რეალიზაციის პროცესი არ შეფერხებულა. ამ ეტაპზე კარტოფილი 50-60 თეთრის ფარგლებში იყიდება. სეზონის დასაწყისში ასეა ხოლმე, სავარაუდოდ, ფასი მოიმატებს. გარდა ამისა, ფერმერებს გარკვეული ვალდებულებები აქვთ დაგროვილი, მათ შორის გაწეულ ხარჯთან დაკავშირებითაც და ყველა ცდილობს გაყიდვას. როცა დაბინავდება და დასაწყობდება მოსავალი, ალბათ, ფასი ცოტათი მოიმატებს ფასიც. იმედს იძლევა ისიც, რომ ქართული კარტოფილით არაბები დაინტერესდნენ, მალე მოლაპარაკებები დაიწყება ექსპორტთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრმა ფერმერმა არ იცის, რა პროცესების გავლა მოუწევს, ელემენტარულად, ფიტო სანიტარიის შესახებ არ აქვს ხალხს წარმოდგენა. ამიტომ კარგი იქნება თუ ცნობადობის ამაღლების კუთხითაც გაიმართება კონსულტაციები. საექსპორტო არეალის გაფართოება ფასზეც დადებითად აისახება და ხალხი მეტ სარგებელს მიიღებს", - ამბობს ახალქალაქელი ფერმერი.

მახარე მაცუკატოვის თქმით, კარტოფილის მოსავლიანობა რეგიონში, ჰექტარზე საშუალოდ 20 ტონაა, რაც კარგი მაჩვენებელია. მით უმეტეს, რომ წლევანდელი მოსავლის ხარისხი საუკეთესოა.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით,  ,,სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ სადემონსტრაციო ნაკვეთზე კარტოფილის მოსავლიანობა მაღალია. ადგილზე კარტოფილის მოსავლის აღების პროცესს მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გაეცნო და განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე მიიღო სათესლე ქერი და სათესლე კარტოფილი, რომელიც აუქციონის მეშვეობით იქნება რეალიზებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system