თავში

იპოთეკური სესხების პირობები საქართველოში და მსოფლიოში

იპოთეკური სესხების პირობები საქართველოში და მსოფლიოში

იპოთეკური სესხით ბინის შეძენა საქართველოში რთულია მაღალი საპროცენტო განაკვეთისა და სესხის აღების გართულებული პირობების გამო. უძრავი ქონების შეძენა იპოთეკით საკმაოდ მიღებული და ადაპტირებული პრაქტიკაა ევროპაში.

გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი, Neue Arbeit der Diakonie Essen-ის ლექტორი, გერმანიულ-საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის მდივანი, კობა კუპრაშვილი, სოციალურ ქსელში დეტალურად წერს, რამდენად მისაღებ სასესხო პირობებს და დაბალ პროცენტში სთავზობს გერმანია ბინის შეძენისას სესხს საკუთარ მოქალაქეებს.

კობა კუპრაშვილს, რომელიც 20 წელზე მეტია,  გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს, საქალაქო ბანკმა (შპარკასსე) დაუმტკიცა 304 ათას ევროიანი კრედიტი სულ რაღაც 0,8 %-იანი წლიური სარგებელით, თანაც ბანკმა გასცა გარანტია, რომ 10 წლის მანძილზე საპროცენტო განაკვეთი არ გაიზრდება. ბინის შეძენისას მოქალაქეები გერმანიაში შვილების რაოდენობის მიხედვით,ფულად დახმარებასაც იღებენ.

"არა, არ შემშლია, არა 8%, არამედ 0,8 %. ამ ისტორიულად დაბალ საპროცენტო განაკვეთზე არის გარანტია 10 წლის ვადით, რომ პროცენტი არ მოუმატებს. დავიანგარიშე, და 10 წლის განმავლობაში პროცენტის სახით მიწევს 24 ათასი ევროს გადახდა. მაგრამ არის კიდე ერთი ნიუანსი: გერმანიის მთავრობამ შარშან მიიღო კანონი, რომ ბინის ან სახლის ყიდვის შემთხვევაში ოჯახს აძლევენ დანამატს თითოეულ ბავშვზე 1200 ევროს ოდენობით წელიწადში ათი წლის განმავლობაში, ანუ მთლიანად 12 ათას ევროს. ჩვენს შემთხვევაში, გვყავს რა ორი ბავშვი, სახელმწიფო დაგვიმატებს ზუსტად იმ 24 ათას ევროს, რაც ბანკისთვის გვაქვს ზედმეტი გადასახდელი. დე ფაქტო გამოდის, რომ ვღებულობთ 304000-იან კრედიტს და შემდეგი ათი წელი ვიხდით ნელ-ნელა, მარტო თავანს, ანუ უპროცენტოდ. უფრო სწორად, პროცენტს გვინაზღაურებს სახელმწიფო. ეს არის სწორედ ის "უფასო ფული", რომელსაც ბიძინა გვპირდებოდა და ახლა ხალხს ეუბნება, გერმანიაში წადით სამუშაოდო. მე, სანამ ბიძინა იტყოდა, ჩემით "მოვტვინე" და წამოვედი," - წერს კობა კუპრაშვილი.

კვლევითმა პორტალმა NUMBEO-მ იმ ქვეყნების რეიტინგი განაახლა, სადაც იპოთეკური კრედიტები ყველაზე ხელმისაწვდომია:

რეიტინგის ლიდერი ქვეყანა აღმოჩნდა იაპონია, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ხელმისაწვდომია და წლიური განაკვეთი საშუალოდ 1,48%-ს შეადგენს . იპოთეკა ყველაზე ხელმიუწვდომელი არის არგენტინაში - აქ წლიური საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 41,54%-ია.

ცნობისთვის, იმისთვის, რომ იაპონიაში  იპოთეკური სესხი აიღო, აუცილებელია, გქონდეს რეზიდენტ ბანკში ანგარიში და იაპონიაში რამდენიმეწლიანი ცხოვრების და მუშაობის ნებართვა. აქ უცხოელებზე კრედიტის გაცემაზე სერიოზული შეზღუდვები და მოთხოვნები

აზიაში ყველაზე დაბალპროცენტიანი სესხები იაპონიის შემდეგ,ტაივანში მოქმედებს. აქ იპოთეკური სესხის აღება წლიურად 1.90%-შია შესაძლებელი. ამ კონტინენტის ქვეყნებიდან ყველაზე ძვირი იპოთეკური სესხები არის თურქეთსა(წლიური საპროცენტო განაკვეთი 20.17%) და ირანში(წლიური საპროცენტო განაკვეთი 19.79%). აქვეა მითითებული საქართველოს მონაცემებიც. საქართველოში იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო მარჟა 12.76%-ია, თუმცა, რეალურად ქვეყანაში 10-წლიანი სესხების გაცემისას, ეს მაჩვენებელი 20%-საც აღემატება.

რაც შეეხება,   ევროპას, იპოთეკური სესხების ყველაზე იაფ მომსახურებას მოქალაქეებს სთავაზობს ფინეთი და შვეიცარია. ფინეთის შემთხვევაში, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 1.49%-ია, ხოლო შვეიცარიაში ის 1.63%-ს შეადგენს. ევროპის ქვეყნებიდან იპოთეკაზე სასესხო მომსახურება ყველაზე ძვირი უკრაინაშია, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი 19.62%-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system