თავში

ხაშურისთვის 65 მლნ ევრო გამოიყო

ხაშურისთვის 65 მლნ ევრო გამოიყო
ხაშურისთვის 65 მლნ ევრო გამოიყო

საფრანგეთის განვითარების სააგენტომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს 58 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებას ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების აღდგენის სამუშაოების დასაფინანსებლად. 

როგორც საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოების შესასრულებლად ევროკავშირმა დამატებით 7,15 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.

კერძოდ, 2020 წლის 31 ივლისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული სააგენტოს დირექტორმა, გაელ ასაიაგმა, ხელი მოაწერეს 58 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებას „ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების“ პროექტისთვის, რომლის მიზანია ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების შექმნა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ჯგუფის ხელმძღვანელი, დომენიკ პაპენჰეიმი.

პროექტის მიზანს ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაცია წარმოადგენს. ამჟამად ხაშურის მუნიციპალიტეტს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდება, ხოლო ნარჩენი წყლები ტრანსსასაზღვრო მდინარეში გაუწმენდავი სახით ჩაედინება, რაც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე.

პროექტს განახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG), წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სახელმწიფო ოპერატორი კომპანია. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) შესაძლებლობების გაძლიერებას, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system