თავში

კომპანიების გაკოტრების პროცესი გრძელდება

კომპანიების გაკოტრების პროცესი გრძელდება
კომპანიების გაკოტრების პროცესი გრძელდება

ეკონომიკაში შეზღუდვები თითქმის მოიხსნა, თუმცა მცირე და საშუალო კომპანიებს კრიზისის დაძლევა უჭირთ. 2,5 თვ ეში 1700-ზე მეტი კომპანიაა გაკოტრებული და ეს პროცესი, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კიდევ გრძელდება. ეპიდემიის გამო ათასობით ბიზნესი გაკოტრდა ან გაკოტრების ზღვარზეა. 

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე ამბობს, რომ პანდემიის პირობებში უკვე გაჩერებულია ათასობით კომპანია, ზოგი - დროებით, მაგრამ არცთუ ცოტაა ის ბიზნესიც, რომელიც საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს, რადგან ფულადი სახსრების დეფიციტს განიცდიან.

,,ეპიდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა. მცირე და საშუალო ბიზნესში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ადრე ვსაუბრობდი იმაზე, რომ ქეშის კატასტროფული დეფიციტია ქვეყანაში და ეს პრობლემა არის დღესაც, რაც კომპანიებს აკოტრებს. შემოსავლები არ არის, შესაბამისად, ფინანსური რესურსი მოაკლდათ. ბევრ კომპანიაში გაკოტრების საფრთხეა. ათასობით კომპანია გაკოტრდა. როდესაც ეპიდემია გადაივლის და ეკონომიკა თანდათან აღიდგენს ძალებს, არ ვიცით, აქედან რამდენი გააგრძელებს მუშაობას და რამდენი შეიძლება საერთოდ გაჩერდეს. ნეგატიური მოლოდინებია, რაც განპირობებულია იმითაც, რომ ბანკებმაც შეაჩერეს სესხები ბიზნესზე, ამიტომ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად შეეზღუდათ. ეპიდემიის მეორე ტალღამ და ამით გამოწვეულმა ნაწილობრივმა ლოკდაუნმა ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა. ახლა სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამებმა მაქსიმალურად შეძლონ ბიზნესების დახმარება და მათი აღდგენა", - აცხადებს მიხეილ ჭელიძე report.ge-თან.

ბიზნესის სამართლის იურისტი, ანალიტიკოსი აკაკი ჩარგეიშვილი პრობლემას ხედავს იმ მხრივ, რომ ფაქტობრივად არც ერთი შემთხვევა არ არის, კომპანიებს გაკოტრება ოფიციალურად გამოეცხადებინათ და ეს პროცესი შესაბამისი იურიდიული პროცედურების დაცვით დასრულებულიყო. 

,,მარტო ტურიზმის სფერო რომ ავიღოთ, უამრავი კომპანიის შემოსავლები განულებულია, მაგრამ არავის უცდია, რომ სამართლებრივი პროცესები გაევლო, არც ერთი მათგანის გაკოტრება ოფიციალურად არ არის გაფორმებული. მთელი პროცედურაა გასავლელი, როცა ოფიციალრად კოტრდება კომპანია, საოფისე ინვენტარი და სხვა ქონება აუქციონზე იყიდება, ახლა ევროპის ყველა ნორმალური ქვეყანა გადის ამ პროცესს, ონლაინ-აუქციონები ეწყობა და დაინტერესებული პირები აქტიურად არიან ჩართული. ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება, გაკოტრებულმა კომპანიამ დარჩენილი ქონებაც დაკარგოს, ინვენტარი და სხვა საოფისე საქონელი, როდესაც შეეძლო აუქციონზე გაეყიდა და სარგებელი მიეღო. გაკოტრების მექანიზმის შესახებ ბიზნესმა არ იცის და ეს შემდეგში ეს ბევრ პრობლემას ქმნის", - განმარტავს report.ge-თან ჩარგეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1-ლი მარტიდან დღემდე საქართველოში ბოლო ერთ წელში 1704 კომპანია დაიხურა, ანუ ოპერირება სრულად შეწყვიტა. ანალიტიკური პორტალი „ბიას“ მონაცემებით, ამავე პერიოდში საქმიანობა დროებით 4 688-მა იურიდიულმა პირმა შეაჩერა. ამ დროისთვის Bia.ge-ზე რეგისტრირებულია 51 413 კომპანია, საიდანაც მცირე ზომის არის - 76%; საშუალო - 18% და მსხვილი - 6%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system