თავში

კონტრციკლური ბუფერი უცვლელად 0%-ზე დარჩა

კონტრციკლური ბუფერი უცვლელად 0%-ზე დარჩა
კონტრციკლური ბუფერი უცვლელად  0%-ზე დარჩა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტეავენ, 2019 წლის დეკემბერში სესხების* წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.9% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. 

ეროვნული ბანკის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდა ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი იყოს და სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ ფინანსური სტაბილურობის რისკები არ დაგროვდეს. 

ქვეყნის უმთავრესი ბანკის განმარტაბით, არსებული საკრედიტო ზრდა ნომინალურ ეკონომიკურ ზრდას საგრძნობლად, 8 პპ-ით, აღემატება. ასე გაგრძელება რისკების დაგროვებას გამოიწვევს. კომიტეტის შეფასებით, კორონავირუსის საფრთხის ზრდამ შესაძლოა დაკრედიტების ტემპი შეანელოს, რის შედეგადაც სესხების მშპ-თან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს დაუახლოვდება.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ამოქმედების შემდეგ, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდა შენელდა და შემოსავლების ზრდას უფრო მეტად შეესაბამება. 

ეროვნული ბანკის განმარტებით, 2020 წლის იანვარში ბანკების მიერ შინამეურნეობების დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 10.8% შეადგინა. შინამეურნეობებზე გაცემული სესხების წლიურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი იპოთეკურმა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაცემულმა სესხებმა შეიტანა. გარდა ამისა, 2019 წლის დასაწყისიდან გაუმჯობესდა დაკრედიტების სტანდარტები. კერძოდ, შემცირდა ისეთი იპოთეკური სესხების წილი, რომელთა მომსახურების კოეფიციენტი (PTI) 50 პროცენტზე მეტია. ამასთან, გაიზარდა ფინანსური რესურსი იურიდიული პირების დასაფინანსებლად. 2020 წლის იანვარში იურიდიული პირების დაკრედიტების წლიური ზრდა 22.9 პროცენტამდე გაიზარდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პპ-ით აღემატება.

ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებისა და მისი პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომის განმტკიცების გადაწყვეტილება მიიღო, რაც  გულისხმობს, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა მიეცემათ. სებ-ის გათვლით, შემცირდება, მათ შორის, სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ძირითადი პრინციპი უცვლელია და სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომლის მომსახურებაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2020 წლის 27 მაისს გაიმართება.

ცნობისთვის, კონტრციკლური ბუფერი მაკროპრუდენციული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტია, რომლის მიზანია, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტება, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს. ბუფერის კონტრციკლურობა ხელს უწყობს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითად მიზანს, შეამციროს ფინანსური სტაბილურობის სისტემური რისკები. უარყოფითი შოკების დროს კონტრციკლური ბუფერი უნდა დაეხმაროს ფინანსურ სისტემას, რომ მკვეთრად არ შეიზღუდოს ეკონომიკის დაკრედიტება და ამით დამატებით არ გაუარესდეს როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system