თავში

კორონავირუსმა ქართულ ღვინოსაც დაარტყა

კორონავირუსმა ქართულ ღვინოსაც დაარტყა
კორონავირუსმა ქართულ ღვინოსაც დაარტყა

მიმდინარე წლის დასაწყისში ქართული ღვინის ექსპორტის კლება სავარაუდოდ ჩინეთის ფაქტორმა განაპირობა, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტყემალაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ,მიმდინარე წლის უახლესი სტატისტიკის მიხედვით, ქართული ღვინის ექსპორტის კლება დაფიქსირდა. ტყემელაძის პროგნოზით,მიუხედავად წლის დასწყისში არსებული შეფერხებისა, წლევანდელი წელიც ექსპორტის ზრდით დასრულდება.

შარშანაც ასე იყო და კლების წილი ყოველთვის ჩინეთზე მოდის, რადგან ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. შესაბამისად, ნებისმიერი პრობლემა, იქნება ეს ლოგისტიკური, პოლიტიკური თუ არ მინდა ახლა ვირუსს დავაბრალო, რადგან შეიძლება ცალსახად ამის ბრალი არ იყოს, მაგრამ შეიძლება იყოს ვირუსის თემაც და ცუდი სტარტი ყოველთვის ასეთი მიზეზების ბრალია. ამ შემთხვევაშიც ალბათ ამასთან გვაქვს საქმე. როგოც წესი, როგორც მონაცემები აჩვენებს, მესამე თვიდან მონაცემები სტაბილურდება და მერე ტრადიციულად წელს ზრდით ვასრულებთ, ასე რომ, მე მგონი წელს ტრადიციულად დავასრულებთ პლუსით. თუმცა მართლა რთული მდგომარეობაა ამ ვირუსის გამო, ძალიან გაუჭირდა სტარტის აღება. შარშან სხვა მიზეზები იყო ჩინეთთან დაკავშირებით, შიდა ლოგისტიკური პრობლემები იყო პოლიტიკური თვალსაზრისით და ამის ანალიზი საკმაოდ დიდხანს მოვუნდით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საწუწუნო არაფერია. იმედიანად ვართ, დარგი გამართულია და ფეხზეა იმისთვის, რომ წელს პლუსით დავასრულოთ“, – აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ტყემალაძე, რომელიც არ იზიარებს მეღვინეობის სპეციალისტების მოსაზრებას, რომ ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ჯერ კიდევ დაბალია. ტყემალაძის განმარტებით, ფასი ადეკვატურია და ბოლო წლებში წლიურად 20-25 ევროცენტითა და აშშ ცენტით იზრდება.

ჯერ ერთი, არ არის დაბალი, უკვე მეოთხე-მეხუთე ადგილზე ვართ და იტალია-გერმანიასთან ვიყოფთ ადგილებს. რაღაცასთან შედარებით დაბალია, რაღაცასთან შედარებით მაღალი. მაგრამ მეღვინეებზე მეტად ცოტა სპეკულატური მოსაზრებები ისმის ხოლმე. კეთილის მსურველები ბუნებრივია ქართულ ღვინოს ჰყავს, მაგრამ ეს რაღაცაზე დაყრდნობით უნდა ითქვას. როცა შენი ქვეყანა მსოფლიოში ვენახების ფართობის მიხედვით 26-ე ადგილზეა, მოწეული ღვინის მოსავლით კი 21-22-ე ადგილზე, თან ამ მოკლე პერიოდში ახერხებს, რომ ფასის კუთხით პრემიუმ და ელიტურ კლუბში მოხვდეს, ეს უკვე ადგილის დამკვიდრებაა, რადგან პროცესი შეუქცევადია. ყოველ წელს ლიტრაზე დაახლოებით 20-25 ევროცენტისა და აშშ დოლარის ცენტის მატება გვაქვს . ეს არ არის უმნიშვნელოა ნაბიჯები და უკვე მესამე-მეოთხე წელია ეს ნიშნული შენარჩუნებულია“, – აღნიშნა ტყემალაძემ და დასძინა, რომ  ღვინის ეროვნული სააგენტოს თვითმიზანი პირველობა კი არ არის, არამედ ხარისხიანი პროდუქციის გატანა, ბაზრების დივერსიფიცირება და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაა საერთაშორისო ბაზარზე. ღვინის ფასის მატებას კი, ტყემალაძის შეფასებით, ამ სტრატეგიის შედეგად გაზრდილი მოთხოვნა უზრუნველყოფს.

ამას წინათ სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში გავაგზავნეთ ნიმუშები. არ მინდა წინასწარ ვთქვა სად, აფრიკის კონტინენტი საერთოდ ყამირია, აღმოსავლეთ ევროპაში იქ, სადაც ქართული ღვინის მეხსიერება და კულტურა ჰქონდათ და ცნობადობა კარგი იყო, თავიდან ვიწყებთ ამ პროცესს, რადგან გარკვეული წყვეტა იყო. არც სახელმწიფოს, არც სამინისტროს და ბუნებრივია, არც სააგენტოს არა აქვს იმდენი რესურსი, რომ ერთბაშად ყველაფერს მოვედოთ. ზუსტად იმ გეგმაზომიერი, ნაბიჯ-ნაბიჯ პოლიტიკის შედეგია, რომ ყოველ წელს პლუსით ვამთავრებთ“, – განაცხადა ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, გასულ წელს ექსპორტირებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 94 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რეკორდული იყო გაყიდვების მაჩვენებელიც, რომელმაც 240 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17 პროცენტით მეტია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელი აღსანიშნავი იყო წარმატებით ჩატარებული რთველი, როდესაც გადამუშავდა ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მოსავალი - 271 ათასი ტონა ყურძენი. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოდან report.ge-ს აცნობეს, შარშან ჩინეთში 7 089 259 ბოთლი ღვინო დაექსპორტდა, რაც ორი პროცენტით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.

ცნობისთვის,  ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში  32 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ინფიცირების 435 ახალი შემთხვევა. ჯამში კორონავირუსით ჩინეთში 2 747 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78 500-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 32 500-ზე მეტი ადამიანი. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. გუშინდელ დღემდე საქართველო მწვანე ზონად რჩებოდა, თუმცა გუშინ ქვეყანაში კორონავირუსის 1 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში ბრუნდებოდა. საზღვარზე კონტროლისას ის ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინო პირობებში განათავსეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system