თავში

კულინარიის როლი აგროტურიზმის განვითარებაში

კულინარიის როლი აგროტურიზმის განვითარებაში
კულინარიის როლი აგროტურიზმის განვითარებაში

ტურიზმის განვითარებაში კულინარია ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რაზეც სპეციალისტები დიდ იმედს ამყარებენ. ახლა მთავარია, როგორ გაიცნობს მსოფლიო ქართულ სამზარეუილოს, რომელიც უძველეს ტრადიციებზე დგას და მსოფლიო სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს. გასტროტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე საუბრობს  report.ge-თან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას" წარმომადგენელი, ღვინის მწერალი გიორგი ბარისაშვილი. მისი თქმით,  კულინარიის წარდგენისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღვინის მარნებს, რადგან ეს ის ადგილია, სადაც უცხოელები ქართულ ტრადიციულ მეღვინეობას და სამზარეულოს ეცნობიან. 

,,უცხოელი ტურისტები საქართველოში ბანანის საჭმელად ნამდვილად არ ჩამოდიან! ღვინის მარანში შესულს თვალში გხვდება ბანანები და ბარამბოს შოკოლადები, რაც ტრადიციული კულინარიისა და მეღვინეობისთვის მიუღებელია. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ სტუმარს გენმოდიფიცირებული ტკბილეული არ დახვდეს. ამისთვის კი ქართული კულინარია სწორად უნდა განვიტარდეს, რაშიც დიდია გიდებისა თუ მარნების მეპატრონეების როლიცა, განსაკუთრებით ის, რომ მოსაწესრიგებელია ქართული ტრადიციული კერძების მართებულად თარგმნა. პრობლემას განსაკუთრებით ვაწყდებით ტურისტულ რეგიონებში, სადაც საქართველოში მოგზაურებს ქართულ ტრადიციულ კერძებს და ღვინოს ვაცნობთ. ყოველი კერძი უნდა წარადგინოს კუთხემ, სადაც მისი ადგილწარმოშობაა. ამ თვალსაზრისით, ცხადია, უხერხულობას შექმნის, თუკი მთაში დასასვენებლად ჩამოსულ მოგზაურს ელარჯს ან მეგრულ ხაჭაპურს შევთავაზებთ ან პირიქით, სამეგრელოში ხინკალი მივართვათ ტურისტებს. კარგი პრეცენდენტი უნდა შეიქმნას და ქართული კულინარიის რეკლამირება გაკეთდეს, საჭირო თუ გახდა, სტანდარტიც დაწესდეს", - აცხადებს გიორგი ბარისაშვილი report.ge-თან.

აგროტურიზმში კულინარიის როლის გაძლიერებაზე საუბრობს ტურიზმის სფეროს ექსპერტი მანანა ალადაშვილი, რომლის შეფასებითაც, მთელ მსოფლიოში ვითარდება გასტროტურიზმი და მნიშვნელოვანია, ამ ტრენდს ქართულმა კულინარიამაც აუწყოს ფეხი.

,,უცხო ქვეყანაში ჩასულ ადამიანს პირველი, რაც იზიდავს, ადგილობრივი სამზარეულოა. ამიტომ სახელმწიფო და კერძო სექტორი ქართული სამზარეულოს ცნობადობის ზრდას ხელს უნდა უწყობდეს. ჩვენს კულინარიას მეტნაკლებად იცნობენ და ამ მხრივ მეტი რეკლამირება, პოპულარიზაცია უნდა გავწიოთ, რომ გასტროტურიზმი უფრო მეტად განვითარდეს. ქართულ ღვინოს რამდენიმე ათეული წლის წინ თითო-ოროლა ქვეყანა იცნობდა, მაგრამ ახლა მეტი გვიცნობს, მეტი მომხმარებელი გვყავს საერთაშორისო ბაზრებზე. იგივე შეიძლება კულინარიის მიმართაც გაკეთდეს, თუკი სწორი მარკეტინგი აგანხორციელდება.  ვიმედოვნებ, რომ პოსტეპიდემიურ პერიოდში, რომ ტურიზმს განვითარების ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება, ეს პროცესი უფრო დაჩქარდება და უფრო სწრაფად წავალთ იქით, რომ ჩვენი კულინარია უფრო თამამად და ღირსეულად წარმოვაჩინოთ", - ამბობს ალადაშვილი report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტრო ტურიზმის პოპულარიზაცია დაიწყო. პირველი გასტრო ტური იმერეთში გაიმართა. ტურში 20-მდე შეფ-მზარეული, ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, გასტრო მიმართულების ბლოგერი, ინფლუენსერი მონაწილეობდა.

ტურის ფარგლებში გამოცდილმა შეფ-მზარეულები მასპინძლებს კერძის მომზადებაში დაეხმარნენ და გაეცნენ ადგილობრივ რეცეპტებს, ხოლო შემდგომ თავიანთი ხედვით გააფორმეს კერძები სტუმრებთან წარსადგენად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system