თავში

ლარიც "დაინფიცირდა"

ლარიც "დაინფიცირდა"
ლარიც დაინფიცირდა

ლარისთვის თებერვლის თვე წარმატებული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო შეფერხებული გლობალური ეკონომიკის საცეცები თოთქმის ყველა ვალუტას შეეხო, ლარი პოზოციებს არ თმობდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთადერთი ვალუტა იყო რეგიონში, რომელიც მყარდებოდა.

თუმცა ბოლო 3 დღეა ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

სპეციალისტების აზრით, გაუფასურება კორონავისურის გამო გაჩენილმა უარყოფითმა მოლოდინმა გამოიწვია. მათი განმარტებით, კორონავირუსმა და მისმა ირიბმა გავლენამ, როგორც საქართველოში ასევე მთელს მსოფლიოში, ფაქტობრივად არაპროგნოზირებადი გახადა ბიზნეს გარემო, ფასიანი ქაღალდები და ფინანსური ბაზარიც. ეს არის მოცემულობა, რომელიც არავინ იცის, სადამდე გასტანს. ასეთია მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემების აზრიც. 

ლარის მერყეობას დროებითს უწოდებს საბანკო საკითხებში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე. მისი თქმით, ლარი კორონავირუსმა დაასუსტა, ანუ, ვირუსის გამო გაჩენილმა უარყოფითმა მოლოდინმა დოლარსა და ევროზე მოთხოვნა გაზარდა, ლარის მასა გაიზარდა შიდაბაზარზე, რამაც ის გააუფასურა.

,,ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი: პირველი - ფუნდამენტური ფაქტორები, გაცვლით კურსზე ამწუთას არ მოქმედებს და უნდა გამოვრიცხოთ. ჩვენ ვნახეთ, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში ინვესტიციების მაჩვენებელი, საკმაოდ გაზრდილია, მათ შორის რეინვესტირების მაჩვენებელი, ანუ ვალუტა კი არ არის გასული ქვეყნიდან, პირიქით, დარჩა ეკონომიკაში. მეორე - აქ მოქმედებს უარყოფითი მოლოდინი კორონავირუსთან დაკავშირებით, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ნავთობის ფასის ვარდნა, საფონდო ბირჟებზე ინდექსების გაუფასურება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბოლო პერიოდში, დოლარი ისედად მყარდებოდა ყველა სავაჭრო პარტნიორი ვალუტის მიმართ. რაც შეეხება პროგნოზს, პირველ რიგში, საყურადღებოა, რომ აშშ-ის ფედერალურმა რეზერვებმა, მონეტარული განაკვეთი შეამცირა, ზუსტად იმის გამო, რომ დოლარი ზედმეტად გამყარდა. გამომდინარე აქედან, დოლარის შესუსტდება და ეს პოზიტიურად აისახება ლარზე. უნდა ითქვას ისიც, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორია რუსული რუბლის მკვეთრი ვარდნა. ამ ყველაფერს, მე დროებით მომენტებს დავარქმევდი“, - აღნიშნა ეკონომისტმა.

სპეციალისტების ერთადერთი პოზიტიური პროგნოზი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მდგრადი რჩება და მის რეზისტენტულობას, არავითარი საფრთხე არ ემუქრება. სხვა მხრივ, მათ არსებითი ანალიზის გაკეთება უჭირთ.

მსოფლიოს წამყვანი ვალუტებიც ასეთ ქაოსში არიან დალარი არც მყარდება და არც უფასურდება, ლარი ევროსთან მეტად გაუფასურდა, ვიდრე დოლართან. 

ლარის კურსსა და მის დევალვაციაზე ამჟამად ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გაურკვევლობები ახდენს გავლენას, ასევე ბოლო ორი დღის განმავლობაში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. მისი თქმით, კურსზე გავლენა სწორედ ამ პროცესებსა და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს აქვს.

„აღნიშნული ორი პროცესი იწვევს ლარის დღევანდელ დევალვაციას. 15 თებერვლის შემდეგ გვქონდა ლარის გამყარება, რომელზეც გავლენას ახდენდა ეროვნული ბანკის ძვირი ფულის პოლიტიკა, მაგრამ პროცესები, რომელიც არის კორონავირუსთან დაკავშირებული გაურკვევლობები და ასევე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, გავლენას ახდენს და მოახდენს ლარის დევალვაციაზე. დაგვჭირდება და ალბათ სავალდებულოც იქნება პარლამენტის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მჭიდრო თანამშრომლობა ამ პროცესებთან დაკავშირებით, რათა პირველ რიგში პრევენცია მოვახდინოთ, რამდენადაც შესაძლებელია და შემდეგ გარკვეული გეგმები დავსახოთ. გარკვეული გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ამას ექნება“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და დასძინა, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მცირე და ღია, მსოფლიოს ეკონომიკაში ინტეგრირებული, შესაბამისად, მიმდინარე პროცესები მასზე გავლენას იქონიებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ოფიციალური კურსით ერთი ამერიკული დოლარი დღეს 2.8463 ლარი ღირს.

დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, 1 ამერიკული დოლარი 2.8463 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.2274 ლარადაა შესაძლებელი.

ცნობისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8925 ლარად ივაჭრება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system