თავში

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდეს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ბევრი წარმატებული თანამშრომლობის ისტორიაა. საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის, მსოფლიო ბანკს გამოყოფილი აქვს 2,7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი.


  ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე სტრატეგიული რეაგირების ჩარჩოს ფარგლებში განხორციელებული პროექტებისთვის. სულ ახლახანს, ხელი მოეწერა შეთანხმებას ვაქცინაციის პროგრამის გასაძლიერებლად, 34.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსების მიღების თაობაზე. ანა ბიერდემ პოზიტიურად შეაფასა “COVID-19”-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა მხარი დაუჭიროს ვაქცინაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას.


პარტნიორობის ძირითად სფეროდ რჩება ინფრასტრუქტურა - ტრანსპორტი და ლოგისტიკა. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, განვითარების პოლიტიკის ოპერაციების (DPO) ფარგლებში მიღებულმა მხარდაჭერამ, ხელი შეუწყო კერძო სექტორის გაძლიერებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ბიძგი მისცა ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებს, როგორიცაა: საპენსიო რეფორმა, ანაბრების დაზღვევის სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმები, საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის შემუშავება და სხვა.


  საუბარი, ასევე, შეეხო პოსტკოვიდურ პერიოდში თანამშრომლობის საკითხებს, რომელიც ძირითადად მიმართული იქნება ეკონომიკის აღდგენისა და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერისკენ. ესენია: ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინოვაცია და ტექნოლოგიები.


  ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მიმოიხილეს 2021-2022 წლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გზები, რეგიონული განვითარება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა.


  შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა კვლავ ინტენსიურად გაგრძელდება და მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system