თავში

მაღალი საკრედიტო ტვირთის მქონე სესხები შემცირდა

მაღალი საკრედიტო ტვირთის მქონე სესხები შემცირდა
მაღალი საკრედიტო ტვირთის მქონე სესხები შემცირდა

ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანაა, რისთვისაც მაკროპრუდენციულ პოლიტიკას ვახორციელებთ, – ამის შესახებ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიურ ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, სისტემური რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მონიტორინგის გზით, ეროვნული ბანკი აღნიშნული რისკების შემცირების საპასუხო პოლიტიკას ახორციელებს, რითაც ფინანსური სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს.

„2019 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ფინანსური სტაბილურობის რისკები მნიშვნელოვანწილად შეამცირა. კერძოდ, გაუმჯობესდა სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტები და შედეგად, შემცირდა მაღალი საკრედიტო ტვირთის მქონე სესხები, რომლებიც მოსახლეობისთვის ფინანსური პრობლემების მთავარი წყარო იყო. ამასთან, ფიზიკური პირების დაკრედიტებაში იზრდებოდა ლარით გაცემული სესხების წილი, რაც მოსახლეობის მეტ დაცულობას უზრუნველყოფდა“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, გარდა ამისა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებით, ხელი შეეწყო სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ სექტორებში, როგორებიცაა: მცირე და საშუალო მეწარმეობა და სხვა ბიზნეს სესხები.

„აღნიშნულმა გადამისამართებამ ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი, რადგან ბიზნეს სესხები, სამომხმარებლო სესხებთან შედარებით, ეკონომიკაში დამატებით ღირებულებას ქმნის. ეროვნული ბანკის შეფასებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულების ამოქმედებამ 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი დაახლოებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაზარდა. რაც შეეხება დაკრედიტების დინამიკას, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედების შედეგად, სესხების ზრდის ტემპი მდგრად დონეს დაუბრუნდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წინა წლების მაღალი ზრდის ტემპების ხარჯზე, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებდა. ქმედითი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მაკროპრუდენციული პოლიტიკის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც 2019 წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნდა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ სტრატეგია ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული პოლიტიკის განხორციელების ძირითად პრინციპებს ასახავს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system