თავში

მეწარმეები საგამოფენო სივრცეების გახსნას ითხოვენ

მეწარმეები საგამოფენო სივრცეების გახსნას ითხოვენ
მეწარმეები საგამოფენო სივრცეების გახსნას ითხოვენ

მეწარმეთა კავშირის ინფორმაციით, კერძო მეწარმეების უმეტესობა ღრმა კრიზისშია იმის გამო, რომ რეალიზაციას ვერ ახერხებენ. თუკი ამ მხრივ კვების სეგმენტმა მცირე გამოსავალი მაინც მონახა და გაყიდვას, თუნდაც ინტერნეტით ახერხებს, არასასურსათო სფეროში მომუშავე მეწარმეების დიდი ნაწილი ამ შესაძლებლობასაც მოკლებულია. ამის შესახებ report.ge-თან მეწარმეთა კავშირის მენეჯერი, მარი ბრეგაძე საუბრობს. მისი თქმით, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი საგამოფენო სივრცეების გახსნაა, რადგან ეს არის მთავარი ადგილი, სადაც კერძო მეწარმეებს საკუთარი ნაწარმის გაყიდვა და შემოსავლის მიღება შეუძლიათ.

მეწარმეები შიშობენ, რომ მორიგი ლოქდაუნი თუკი დაწესდება, დარგს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, რადგან ბევრი მათგანი საქმეს საერთოდ შეიძლება ჩამოშორდეს.

,,ძალიან მძიმე ვითარებაა, მეწარმეთა კავშირში 200-ზე მეტი მეწარმეა გაერთიანებული და უმეტესობა კრიზისშია. დიდი ნაწილი გამოფენებიდან მიღებულ შემოსავლებზე იყო დამოკიდებული. სისტემატურად ეწყობოდა გამოფენები, რაც დიდი სტიმული და შემოსავლის მიღების წყარო იყო ამ ადამიანებისთვის, ვინაიდან მათ მიერ წარმოებული პროდუქცია დახლებზე ფაქტობრივად ვერ ხვდება. ამიტომ დიდწილად გამოფენებზე იყვნენ დამოკიდებული. როცა შეზღუდვების გამო გამოფენები ჩაიკეტა, მეწარმეებს ძალიან გაუჭირდათ. ზოგი საერთოდ ვერ ახერხებს საქმიანობის გაგრძელებას, ელემენტარულად, წარმოებაც კი შეაჩერეს. კვების სეგმენტმა რაღაც გამოსავალი მაინც გამონახა, რაც შეეხება ხელთნაკეთ ნივთებს და მსგავს მიმართულებას, მეტად გაუჭირდა. კრიზისის ფონზე ვერც ონლაინ-გაყიდვებმა გაამართლა. მთავრობის მხრიდან ისეთი თანხა გამოიყო, რომ რეალურად არავის ყოფნის. ასეთ სიტუაციაში რეალური გამოსავალია, ხელი შეუწონ, როგორმე სუპერმარკეტების დახლებზე მაინც მოხვდეს მცირე მეწარმეების პროდუქცია, გამოფენები მოეწყოს და სხვა. თუმცა, ამის მიუხედავად, დღეს საუბარია, რომ მორიგი ლოქდაუნი დაწესდეს, რაც კატეგორიულად მიუღებელია", - ამბობს მარი ბრეგაძე.

მეწარმეების ნაწილი ამბობს იმასაც, რომ საკუთარი საქმის გადასარჩენად სესხები აიღეს და მთავარია, ვალის მომსახურების შესაძლებლობა გაუჩნდეთ. 

მცირე მეწარმე თეო გოგავა გლდანის ბაზრობაზე მუშაობს. ამბობს, რომ ახალი საქონლის შესაძენად ბანკის სესხი აიღო და ახლა დიდ იმედს რეალზიაციაზე ამყარებს. 

,,გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდი: საქმე უნდა გამეგრძელებინა და ამისთვის ვალი ამეღო ან საერთოდ ჩამექნია ხელი და მე არჩევანი სესხზე გავაკეთე. წარმოდგენაც არ მაქვს, რა შეიძლება მესამე ლოქდაუნის დაწესებით დამემართოს, ალბათ სრულად გავკოტრდები, დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, საქმიანობის გაგრძელება შეგვიზღუდონ. ბაზრობაზე  ადგილი კერძო პირისგან იჯარით მაქვს აღებული, აქამდე 800 ლარს ვიხდიდი და 1000 ლარამდე გამიძვირა, ესეც ცალკე გადასახდელი, ბანკის ვალდებულებასაც უნდა გავუმკლავდე და ოჯახის ხარჯიც გავწიო, არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ მოვერევი", - ამბობს თეო გოგავა report.ge-თან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system