
წარმოშობით ქართველი, ყაზახეთში მოღვაწე ბიზნესმენის, მიხეილ ლომთაძის ქონება ერთ დღეში 33.73%-ით, 1.8 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას Forbes ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქართველი ბიზნესმენის ქონება 3.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და Forbes-ის რეიტინგში 956-ე ადგილს იკავებს.
ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია.
ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე უმსხვილესი ყაზახური კომპანიების აქციები, მათ შორის Kaspi.kz-ის, მკვეთრად დაეცა. კომპანიამ ერთ სავაჭრო დღეში, 2022 წლის 5 იანვარს 30%-ზე მეტით იზარალა.
Kaspi ყაზახეთის უდიდესი საფინანსო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, რომელსაც 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.