თავში

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 167 მლნ ლარით გაიზარდა

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 167 მლნ ლარით გაიზარდა
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 167 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ცნობით, 2020 წლის მეორე კვარტალში, საქონლისა და მომსახურების ექსპორტის შემცირებისა და ფულადი გზავნილების კლების ფონზე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 167 მლნ ლარით გაიზარდა და 337 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის 9.4%-ია. 

როგორც მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია განმარტებული,  ეს მაჩვენებელი წინა წლის მეორე კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.5 პროცენტული პუნქტით მეტია. 

სებ-ი 2020 წლის გაუარესების შემდეგ, 2021 წლიდან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირებას ელის.

ცენტრალური ბანკის განმარტებით, მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ძირითადი წყარო კვლავ უცხოური პირდაპირი ინვესტიციებია, რომელთა მოცულობა მეორე კვარტალში წლიურად 0.5%-ით გაიზარდა და 237.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. 

წლიურად ყველაზე მეტი ინვესტიციები საფინანსო, ენერგეტიკისა და მშენებლობის დარგებში განხორციელდა.

სებ-ის ცნობით, დანაზოგებისა და ინვესტიციების ანალიზი აჩვენებს, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუარესება, ინვესტიციების ძალიან მცირედ ზრდის პირობებში, დანაზოგების კლებამ გამოიწვია.

რა იგეგმება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესამცირებლად, იხილეთ აქ.

ცნობისთვის საქართველოს მცირე ღია ეკონომიკა აქვს. ეკონომიკის სიმცირეს განაპირობების ის, რომ ჯერ არ გვაქვს განვითარებული ეკონომიკა და ასევე ისიც, რომ ქვეყანა ტერიტორიითა და მოსახლეობით ბუნებრივად მცირეა. ღია ეკონომიკა ნიშნავს საქართველოს მნიშვნელოვან ინტეგრაციას საერთაშორისო ვაჭრობაში, კაპიტალის მოძრაობასა და სამუშაო ძალის მიგრაციაში.

საგადასახდელო ბალანსი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველკვარტალურად აქვეყნებს, ჩანს საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობები. მასშიაასახული წლის განმავლობაში განხორციელებული ყველა ეკონომიკური ოპერაცია, სადაც ერთ მხარეს საქართველო, ხოლო მეორე მხარეს სხვა ქვეყნებია. ეკონომიკური ტერმინებით რომ ვთქვათ, საგადასახდელო ბალანსი საქართველოს რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებს ასახავს.

საგადასახდელო ბალანსი ორი ნაწილისგან შედგება, ესენია: 1. მიმდინარე ანგარიში და 2. კაპიტალისა და ფინანსური ანგარიში. ბალანსი ორმაგი ჩაწერის პრინციპზეა აგებული, რაც გულისხმობს, რომ საბოლოოდ, მიმდინარე ანგარიში კაპიტალისა და ფინანსურ ანგარიშს უნდა გაუტოლდეს.

მიმდინარე ანგარიში მოიცავს: საქონლითა და მომსახურებით საგარეო ვაჭრობას, ფაქტორულ შემოსავლებსა და მიმდინარე ტრანსფერებს. საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის მუხლები უფრო მარტივი აღსაქმელია, ვიდრე შემოსავლებისა და ტრანსფერების. შემოსავლებში შედის შრომის ანაზღაურება და საინვესტიციო შემოსავლები, როდესაც შემოსავალი ერთ ქვეყანაშია მიღებული და მეორე ქვეყანაში იგზავნება. ტრანსფერები მოიცავს საქონლის, მომსახურების, ფინანსური და სხვა აქტივების ცალმხრივ გადაცემას. მაგალითად, ასეთია საზღვარგარეთიდან შემოსული გრანტები და სხვა დახმარებები.

მიმდინარე ანგარიში დეფიციტურია, თუ საერთაშორისო ვაჭრობით, ფაქტორული შემოსავლებითა და ტრანსფერებით უფრო ნაკლები ფული შემოდის ქვეყანაში, ვიდრე ქვეყნიდან გადის. ამავე დროს მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყველა ეს ოპერაცია უცხოურ ვალუტაში ხორციელდება (სტატისტიკურად აშშ დოლარშია აღრიცხული).

საერთაშორისო ეკონომიკურ ოპერაციებში ქვეყანა შემოსავალზე მეტს ასე ხაჯავს: დანაკლისი იფარება სწორედ კაპიტალისა და ფინანსური ანგარიშის სალდოდან. ანუ, თუ მიმდინარე ანგარიში დეფიციტურია, კაპიტალისა და ფინანსური ანგარიში აუცილებლად დადებითია და აბალანსებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ ხარჯებისთვის საჭირო ფული არ გვაქვს, ამ თანხას ვსესხულობთ. თუ შიდა დანაზოგი შიდა ინვესტიციებისთვის საკმარისი არ არის, უცხოური ინვესტიციები შემოგვაქვს.

საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს, რომელიც ფინანსური ანგარიშით ფინანსდება. ზოგადად, უფრო მეტ ქვეყანას მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს, ვიდრე დადებითი სალდო. დადებითი ბალანსი მრეწველობის მხრივ მაღალგანვითარებულ და ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყნებს აქვთ. ასეთებია, მაგალითად გერმანია, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, რუსეთი, ნორვეგია, საუდის არაბეთი და სხვა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის ქვეყნისთვის პრობლემაა. პრობლემურობა დამოკიდებულია დეფიციტის სიდიდეზე (მშპ-ის მიმართ), იმაზე, თუ როგორ ფინანსდება დეფიციტი, ქვეყნის სავალუტო რეჟიმსა და ეკონომიკური განვითარების დონეზე. თუ დეფიციტი ძირითადად ინვესტიციებით ფინანსდება და არა ვალების აღებით, მაშინ ის პირიქით, კარგია და ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს. თუ დეფიციტი განპირობებულია იმპორტის ექსპორტზე მეტობით, ეს ეკონომიკის დაბალკონკურენტუნარიანობას მიანიშნებს, მაგრამ თუ განპირობებულია შიდა დანაზოგებზე ინვესტიციების მეტობით, პირიქით, მაღალპროდუქტიული, მზარდი ეკონომიკის მანიშნებელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system