თავში

მოთხოვნასთან ერთად ნაძვის ხეების ფასიც გაიზარდა

მოთხოვნასთან ერთად ნაძვის ხეების ფასიც გაიზარდა
მოთხოვნასთან ერთად ნაძვის ხეების ფასიც გაიზარდა

საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხის გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია, რის გამოც გამყიდველებს მუშტარი არ ელევათ. 

თბილისელთა ნაწილი უპირატესობას ნეილონის ნაძვის ხეს ანიჭებს, მაგრამ ბევრია ოჯახი, სადაც ახალ წელს ე.წ. ცოცხალი, ტყეში მოჭრილი ნაძვის ხით ილამაზებს. 

არჩევანს, ძირითადად, მოქალაქეთა ფინანსური შესაძლებლობები განაპირობებს. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, წელს ნაძვის ხეების ფასიც და მოთხოვნაც გაზრდილია.

ბუნებრივი ნაძვის ხეების რეალიზაცია, ძირითადად, ღია ცის ქვეშ ხდება. მათი ღირებულება 20-25 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე ადის. ფასი ზომაზეა დამოკიდებული. თუმცა, ხშირ შემთხვევაში იგი, ნაძვი კი არა, გურიიდან და აჭარიდან ჩამოტანილი კლეპტომერიაა, რომელიც ძირითადად, ბაზრობებსა და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე იყიდება.

ნეილონის ნაძვის ხის ფასი კი 70-80 ლარიდან იწყება და 1000 ლარს აჭარბებს.

,,სპორტის სასახლის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაყიდვაში უმეტესობად აჭარიდან შემოტანილი ნაძვის ხეებია. როგორც მოვაჭრემ გენადი ბოლქვაძე report.ge-თან საუბრისას აღნიშნა, მყიდველის გააქტიურებას, განსაკუთრებით, მომდევნო კვირიდან ელის. 

,,მოთხოვნა ძირითადად საშუალო ფასიან ნაძვებზეა, რომელსაც 60-70 ლარის ფარგლებში ვყიდით. შარშან 10-15 ლარით ნაკლები ღირდა. ყველაზე ძვირი 150 ლარიანი, ჯერ არ გამიყიდავს", - ამბობს მოვაჭრე.

აქვე იყიდება ჩიჩილაკიც, რომელიც საქართველოში ახალი წლის ერთ-ერთი სიმბოლოა. მისი ფასი 3 ლარიდან იწყება და ზომების მიხედვით იზრდება. საშუალო ზომის ჩიჩილაკის შეძენა10-15 ლარად არის შესაძლებელი. მოვაჭრეების თქმით, ჩიჩილაკები გასაყიდად ძირითადად მარტვილიდან ჩამოაქვთ.

ბოლო წლებში გაიზრდა მოთხოვნა კავკასიურ სოჭზეც, რომლის ფასი 50-60 ლარიდან იწყება და 100 ლარს აღემატება.

ერთ-ერთი კერძო სანერგე მეურნეობის მებაღემ მამუკა პაშილაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნერგებს ფესვიანად ჰყიდის. მისივე თქმით, კავკასიური სოჭის მყიდეველი ძირითადად ის კატეგორიაა, რომელთაც სურთ, ნერგი ახალი წლის შემდეგ გარეთ გადარგონ. 

,,დღესასწაულისთვის კავკასიურ სოჭზე მოთხოვნა ბოლო წლებში გაჩნდა. ადრე მოთხოვნადი იყო ჩვეულებრივი, ტრადიცილი ნაძვის ხეები, რომელთაც ტოტებისგან აწყობენ. კავკასიური სოჭის ხეებს ნებისმიერ სეზონზე  ვყიდით, მაგრამ ბოლო 3 წელია, საახალწლოდ დიდი რაოდენობით მიაქვთ. კარგია, რომ ეს კულტურა იმკვიდრებს და არჩევანს ცოცხალ ხეებზე აკეთებენ. რამდენადაც ვიცი, ევროპაში ეს ძალიან ძვირი ღირს, თანაც მასიურად ქართული, რაჭული წარმოშობის კავკასიური სოჭებია, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან იაფად მიაქვთ და ჩვენ მათ მიერ გამოყვანილ ნერგებს ათჯერად ძვირად ვყიდულობთ", - ამბობს მებაღე report.ge-თან საუბრისას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system