თავში

მოვაჭრეები სალარო აპარატის გამოყენებისგან 1 წლით თავისუფლდებიან

მოვაჭრეები სალარო აპარატის გამოყენებისგან 1 წლით თავისუფლდებიან
მოვაჭრეები სალარო აპარატის გამოყენებისგან 1 წლით თავისუფლდებიან

პარლამენტმა გამარტივებული წესით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან გათავისუფლდებიან 2023 წლის პირველ იანვრამდე, ნაცვლად 2022 წლის პირველი იანვრისა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ცვლილება ასევე ითვალისწინებს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილების საკონტროლო-სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულების გადატანას ასევე ერთი წლით.

„ცვლილება ეხება 2017 წელს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვალდებულებას, რომელიც შეეხება ბაზრობის ტერიტორიაზე არასტაციონარულ სავაჭრო დახლზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატების დადგმის ვალდებულებას. 2019 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით აღნიშნული ვალდებულება გადავადდა 2022 წლის პირველ იანვრამდე, ხოლო შემოთავაზებული ცვლილებით, გთავაზობთ ამ ცვლილების გადადებას 2023 წლის პირველ იანვრამდე. ეს გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობით, რომელიც პანდემიის შედეგებს უკავშირდება და ერთწლიანი შეღავათი გათვალისწინებულია სწორედ ამ კანონით“, – განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას ერთ-ერთმა ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა.

სეფაშვილის თქმით, ამ კანონის თანახმად, აღნიშნული პირები ასევე გათავისუფლდებიან ჯარიმებისაგან.

ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, ნინო წილოსანი, ისკო დასენი, ელგუჯა გოცირიძე, ბეჟან წაქაძე.

კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system