თავში

მშენებარე ბინებზე მოთხოვნა მცირდება

მშენებარე ბინებზე მოთხოვნა მცირდება
მშენებარე ბინებზე მოთხოვნა მცირდება

დეველოპერების ინფორმაციით, უძრავი ქონების ბაზარზე ტენდენცია იცვლება. კერძოდ, მოთხოვნა ძირითადად დასრულებულ ბინებზეა, რამაც მშენებლებს მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე ხელი ააღებინა, ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც, სანამ სიტუაცია გაუმჯობესდება. ამის შესახებ report.ge-ს სამშენებლო კომპანია ,,ივერონის" დამფუძნებელმა არჩილ ჯაყელმა აცნობა. მისი თქმით, რეალიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ხარჯი გაზრდილია. რაც შეეხება ფასებს, ჯაყელის ინფორმაციით,  შექმნილ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავალი არსებული ფასების შენარჩუნებაა, გაიაფება კი გამორიცხულია.

,,ეპიდემია ქმნის მრავალმხრივ პრობლემას, მოთხოვნა ყველა მიმართულებით შემცირებულია. განსაკუთრებით კი მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. ყველა ცდილობს დასრულებული ბინების ყიდვას,  რაც ნეგატიური მოლოდინით. ახლა ისეთი სიტუაციაა, როცა კომპანიებსაც კი უჭირთ ვალდებულებების შესრულება. მნიშვნელოვანდ გაზრდილია ხარჯი როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე გაზსა და წყალზეც. ახალი პროექტები ნაკლებად ხორციელდება. დროტა განმავლობაში, სამშენებლო კომპანიები ალბათ უფრო პატარა პროექტებზე გადავლენ, ეს ტენდენცია შესამჩნევია. დიდი პროექტები დროეშია გაწერილი, ფაქტობრივად ვერ აკეთებ გათვლას, რა იქნება და როგორ შეიძლება სიტუაცია შემოტრიალდეს. თუმცა ფასები შენარჩუნდება, გაიაფებას გამოვრიცხავ. მეტი სირთულეა და ამ მდგომარეობაში მცირე ფასდაკლებაც კი ზარალს ნიშნავს. ისედაც გაყიდვების პრობლემაა და მყიდველი უფრო დაფრთხება. მთავარია არსებული ფასები შენარჩუნდეს, ერთმანეთის საწინააღმდეგო გამოწვევებია და გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს", - აცხადებს არჩილ ჯაყელი. 

უძრავი ქონების ბაზარზე ნეგატიურ პროცესებზე საუბრობს ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი. მისი თქმით, სამშენებლო კომპანიების ნაწილს საქმიანობის გაგრძელება გაუჭირდება, რადგან ახალი პროექტებისთვის პერსპექტივა ჯერჯერობით ნაკლებადაა.

,,რიგი შეღავათების მიუხედავად, რაც ეპიდემიურ პერიოდში, 2020 წელს სამშენებლო სფეროს დაუწესდა, პრობლემის მოგვარება მაინც შეუძლებელი გახდა. ხოლო უფრო რთულად რომ არ არის საქმე, სწორედ ამ შეღავათების დამსახურებაა. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ შესაძლოა, სამომავლოდ საქმიანობის გაგრძელება ბევრს გაუჭირდეს, რადგან პროექტების ნაწილი რეალურად ვერ ხორციელდება. ალბათ, უფრო მცირე პროექტებს მიენიჭება უპირატესობა.  ეს ტენდენცია გაგრძელდება, სანამ კორონავირუსი ჯერ კიდევ არსებობს. უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია საბოლოოდ დამოკიდებულია საკრედიტო ოპერაციებზე, რადგან ფულადი რესურსი შეზღუდულია და მაღალი რისკების გამო ბანკები სესხებს რთულად გასცემენ. რაც მეტი ხელმისაწვდომობა გაუჩნდება მომხმარებელსაც ფულზე, პრობლემა მით უფრო სწრაფად მოგვარდება", - ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, 2021 წლის თებერვალში 2,733 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება, რაც შეეხება ბაზრის ზომას, აქაც 4%-იანი კლება დაფიქსირდა და ჯამში 123 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია colliers georgia - ს თბილსის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის თებერვალში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1,869 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნული შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მშენებარე საცხოვრებელი ობიექტის დასრულებასთან, რაც ჯამში დაახლოებით 200 ერთეულ ბინას მოიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system