თავში

მთავრობა არაფორმალური სექტორის გასაკონტროლებლად ზომებს ამკაცრებს

მთავრობა არაფორმალური სექტორის გასაკონტროლებლად ზომებს ამკაცრებს
მთავრობა არაფორმალური სექტორის გასაკონტროლებლად ზომებს ამკაცრებს

"შიდა რეფორმების პაკეტი მზადდება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მანდ ნამდვილად არის სივრცე და მაგას ნამდვილად გავაფართოვებთ, ანუ დაბალი საგადასახადო ტვირთის პირობებში მაქსიმალურად გავზარდოთ დასაბეგრი ბაზა,”- ასე ფიქრობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

როგორც  ფინანსთა მინისტრმა გადაცემა “Forbes-ის კვირის” ეთერში განაცხადა, კორონავირუსის პანდემიამ ქვეყანაში არაფორმალური სექტორის რეალური მასშტატები გამოაჩინა. 

მისი განცხადებით იმ მონაცემთა ბაზით, რაც მთავრობამ თვითდასაქმებულთათვის კომპენსაციების გაცემის დროს დააგროვა მოხდება ახალი საგადასახადო ცვლილებების ფორმირება, რაც საგადასახადო ბაზის გაფართოვებისკენ იქნება მიმართული.

“რაც შეეხება შემოსავლების მობილიზაციას, აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პანდემიამ და ბოლო თვეების განმავლობაში გაცემულმა დახმარებებმა, კარგად დაგვანახა ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილიც. დაგვანახა თუ რამდენი არის არაფორმალური სექტორი. ამ ბაზაზე ჩვენ უფრო კარგი წარმოდგენა შეგვექმნა, რადგან რაღაც სფეროები იმისდა მიხედვით, რომ ჩაიკეტა, გამოჩნდა რა მოუვიდა შემოსავლებს. ადამიანებისთვის როდესაც გადავწყვიტეთ კომპენსაციების მიცემა, როგორ გაგვიჭირდა არაფორმალურ სექტორში დასაქმებულების მოძიება, როგორ გაუჭირდათ მათ ამის ყველაფრის დადასტურება, შესაბამისად, ამან მოგვცა ის ინდიკაციები და ჩვენ ეს საშინაო დავალებად მივიღეთ, რომ უფრო მორგებული და სწორი ადმინისტრირება დავიწყოთ საგადასახდო შემოსავლების მობილიზაციის კუთხით," - აცხადებს მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ აპრილში წარადგენილი გეგმით,  უმუშევრად დარჩენილ თვითდასაქმებულებზე დახმარების სახით ერთჯერადად 300-ლარიანი კომპენსაცია გასცა, თუმცა მათ ამისთვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწიათ. ამან კი მთავრობას მისცა შესაძლებლობა დანახა არაფორმალური დასაქმების, მასშტაბი. 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით კომპენსაციის მისაღებად სულ 245,421 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა. მათგან 160,161-მა ადამიანმა შეძლო დადასტურება, რომ მართლაც თვითდასაქმებული იყო, შესაბამისად დახმარებაც მხოლოდ ამ ადამიანებმა მიიღეს. ჯამში ცენტრალურმა ბიუჯეტმა პროგრამაზე 48 მლნ ლარი დახარჯა.

ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, დამატებული ღირებულების გადასახადის ავტომატური დაბრუნების პროგრამის ფარგლებში ბიზნესს 1 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდება უკან.  მისივე ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში უკან დაბრუნებული თანხა უკვე მთლიანად 2019 წელს დაბრუნებული დღგ-ს ოდენობას აღემატება.

“სექტემბრის მდგომარეობით დავაბრუნეთ პრაქტიკულად იმდენივე დღგ, რაც შარშან მთელი წლის განმავლობაში. 2019 წელს იყო რეკორდული 620 მილიონი ლარი, წელს კი 1 მილიარდ ლარზე მეტს დავაბრუნდებთ. ამ 9 თვეში გვაქვს დაბრუნებული იმაზე მეტი, ვიდრე გასულ წელს მთლიანად და დარჩენილი თვეების განმავლობაში კი შესაძლებელია 2019 წლის მაჩვენებელი გავაორმაგოთ. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ამ ფონზე, რადგანაც მას მძლავრი ეკონომიკური ეფექტი აქვს,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system