თავში

მთავრობა წელს ტურიზმიდან შემოსავლის განახევრებას ვარაუდობს

მთავრობა წელს ტურიზმიდან შემოსავლის განახევრებას ვარაუდობს
მთავრობა წელს ტურიზმიდან შემოსავლის განახევრებას ვარაუდობს

2020 წლის ბიუჯეტის პროექტს თან ერთვის ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს ეკონომიკის განვითარების განახლებული მაკროეკონომიკური 3 სცენარი: ეკონომიკის განვითარების საბაზო, პესიმისტური და ოპტიმისტური ალტერნატივები.

საბაზო სცენარის მიხედვით, სასაზღვრო შეზღუდვების გამო, წელს ტურიზმის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 50%-ით შემცირდება. მთავრობის დათვლით, კლება ამ მიმართულებით $1.65 მილიარდი დოლარი იქნება.

"მაკროეკონომიკური პროგნოზების ცვლილებაზე სამმა ძირითადმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა. პირველი, და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ე.წ. „დიდი ლოქდაუნი“ მთელს მსოფლიოში, რაც საზღვრების ჩაკეტვითა და სამუშაო ძალის მიწოდების შეზღუდვით გამოიხატა. აღნიშნულმა ფაქტორმა გავლენა მოახდინა როგორც მოთხოვნის მიმართულებით - მომსახურების ექსპორტზე მოთხოვნის შემცირების სახით, ასევე, მიწოდებაზე, რაც გამოწვეულია მიწოდების ჯაჭვების რღვევითა და სამუშაო ძალის მიწოდების შეზღუდვით. მეორე ფაქტორი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური ზრდის შემცირებაა, რამაც გააძლიერა პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვის შედეგად შემცირებული საგარეო მოთხოვნა. თუ პანდემიამ გავლენა იქონია ძირითადად მხოლოდ ტურიზმის ექსპორტზე, საგარეო მოთხოვნის შემცირება ასევე აისახა საქონლის ექსპორტზეც. მესამე მნიშვნელოვანი არხი ნავთობის ფასების შემცირებაა. ნავთობის ფასების შემცირებას საქართველოს ეკონომიკაზე ორმაგი გავლენა აქვს. ერთი მხრივ, ის არის დადებითი მიწოდების შოკი, ხოლო მეორე მხრივ კი უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებზე, რაც უარყოფითი მოთხოვნის შოკს წარმოადგენს. ამგვარი შოკი მოკლევადიან პერიოდში გავლენას ვერ ახდენს წარმოებაზე და სუსტი ეფექტი აქვს 2-3 წლის განმავლობაში, ხოლო ფასებზე გავლენა მყისიერია, და როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხრიდან ფასებზე დაღმავალი ზეწოლა აქვს. შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში სუსტი ნეგატიური გავლენა ჭარბობს, ხოლო გრძელვადიან პერიოდში - პოზიტიურია," - ნათქვამია დოკუმენტში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ რთულია მსჯელობა, თუ რამდენად სწრაფად აღდგება მოთხოვნა ტურისტულ მომსახურებაზე, ვინაიდან მსოფლიოში პანდემია დამარცხებული ჯერ კიდევ არ არის და ერთი მხრივ გაურკვეველია საზღვრების გახსნის პერსპექტივები სხვადასხვა ქვეყნებში, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, თუ რა განწყობა ექნება საზოგადოებას მოგზაურობასთან დაკავშირებით. 

ფინანსთა სამიისტრო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სწრაფად მოხდება საზღვრების გახსნა, ტურიზმზე მოთხოვნის აღდგენას გარკვეული დრო დაჭირდება და საბაზისო სცენარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 50 პროცენტით მცირდება, მომსახურების სხვა დარგების ექსპორტი და რეექსპორტი 10 პროცენტით მცირდება, ხოლო საქონლის ადგილობრივი ექსპორტი ჯამში უცვლელია წინა წელთან შედარებით, რაც გამოწვეულია საექსპორტო პროდუქტში ნედლეულის მაღალი წილით ნედლეულზე მზარდი მოთხოვნის შენარჩუნების ტენდენციით.

რაც შეეხება იმპორტს, აქ გამოყენებულია ანალოგიური დაშვებები ტურისტულ და არატურისტულ სფეროზე. ასევე, 10 პროცენტით მცირდება საქონლის იმპორტი, რასთანაც თანხვედრაშია იანვარ-მაისის მონაცემებიც.

"გლობალური პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი გავლენას ახდენს პრაქტიკულად მთელს ეკონომიკაზე, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გზებით. გარდა კრიზისის რეალური ეფექტებისა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ფისკალური ეფექტებიც. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი საერთაშორისო შეფასებებით კრიზისს დროებითი ხასიათი აქვს და სხვა სახის ეკონომიკურ კრიზისებთან ერთად გაცილებით სწრაფი აღდგენა მოჰყვება, გლობალური მოთხოვნისა და აქტივობის უეცარმა და სწრაფმა ვარდნამ შესაძლებელია ლიკვიდურობის რისკის ქვეშ დააყენოს ეკონომიკის ის ნაწილი, რომელთაც შედარებით მაღალი ფიქსირებული ხარჯები აქვთ. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ მიუხედავად ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 0.6 პროცენტიანი ზრდისა, ფიქსირებული ხარჯების გამო, ბიზნესს არ დარჩება საკმარისი ლიკვიდობა გადასახდების გადასახდელად. ამის გათვალისწინებით, საბაზო სცენარი ეყრდნობა დაშვებას, რომ საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ მშპ-ზე ნელი ტემპით გაიზრდება (მოცემულ შემთხვევაში ნომინალური მშპ იზრდება, ხოლო გადასახადები მცირდება) და საგადასახადო შემოსავლების მშპ-სთან თანაფარდობა 2019 წლის 22.8 პროცენტიდან 20.9 პროცენტამდე შემცირდება. აღნიშნული თანაფარდობა ეტაპობრივად აღდგება და დაუბრუნდება გრძელვადიან მაჩვენებელს," -განმარტავს ფინანსთა უწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system