თავში

მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

რიგით მე-11 სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ინვესტორთა საბჭოს ახალი მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი წარადგინა, ასევე საბჭოს ახალი წევრები - გერმანიის ბიზნესასოციაცია და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია.

სხდომაში მონაწილეობენ: საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი მაიკლ ქაუგილი, გერმანიის ბიზნეს-ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საშა ტერნესი, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და სხვა ადგილობრივი და უცხოური ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლები.

“მიგვაჩნია, რომ ინვესტორთა საბჭო მნიშვნელოვანი პლატფორმაა მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა კერძო სექტორთან ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის ფარგლებში,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საბჭოს სხდომაზე.

კერძო სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის ახალ პროექტზე, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენს განსახილველად. აგრეთვე, ყურადღება დაეთმო საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიების გატარებას, მათ შორის კანონპროექტს საინვესტიციო ფონდების შესახებ, რომელიც ასევე უახლოეს მომავალში, მთავრობის სხდომაზე იქნება განხილული.

საუბარი შეეხო საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, რაზეც, საბჭოს ერთიანი პოზიციის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ კერძო სექტორთან კონსულტაციებისა და დეტალური განხილვის შემდგომ იქნება მიღებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system