თავში

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ციფრებში

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ციფრებში
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ციფრებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად, ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობამ პირველივე დღიდან შექმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მოქმედებს ყოველდღიურ რეჟიმში და დგამს იმ ნაბიჯებს, რაც აუცილებელია მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად.

გიორგი გახარიამ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიისთვის, ობიექტური საჭიროების შემთხვევაში, საბანკო სექტორი გარანტირებულად უზრუნველყოფს სესხების რესტრუქტურიზაციას უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში.

„მხოლოდ ამ საშუალებით, ტურიზმის სექტორში ჩვენ დავტოვებთ დაახლოებით 100 მილიონი ლარის ფინანსურ რესურსს. გარდა ამისა, გუშინ საბანკო სექტორთან, ყველაზე მსხვილ ბანკებთან შეხვედრისას, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ფიზიკური პირები, აუცილებლობის შემთხვევაში, 3 თვის განმავლობაში გათავისუფლდებიან სასესხო მომსახურების ვალდებულებისგან. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

რაც შეეხება, მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს მომდევნო 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადები 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადდებათ.

გიორგი გახარიას განმარტებით, საუბარია სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, ასევე საექსკურსიო საქმიანობით დაკავებული კომპანიების შესახებ.

„ამ კომპანიებს ჩვენ გადავუვადებთ მომდევნო 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადებს - 1-ელ ნოემბრამდე. აღნიშნული შეღავათი შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს, ოთხი თვის განმავლობაში - მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი - ამ სექტორში დამატებით დატოვებს 100 მლნ ლარზე მეტ ფინანსურ რესურსს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად, ეს თანხა გაორმაგდება და ეკონომიკას, კომპანიებს დამატებით 600 მილიონი ლარი დაუბრუნდებათ.

პრემიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკას დღგ-ს საშუალებით 1,2 მილიარდი ლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს დაუბრუნებს.

„ამასთან ერთად, ამოქმედდება სასესხო მომსახურების კომპონენტის საპროცენტო განაკვეთის დაფინანსების უკვე ძალზე კარგად აპრობირებული მექანიზმი. აქ გავზარდეთ სასტუმროების ზომა და 4-დან 30 ნომრამდე სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთს მოემსახურება სახელმწიფო, სახელმწიფო რესურსიდან. ეს შეეხება დაახლოებით 2 000 სასტუმროს. გარდა ამისა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ გლობალურად ეკონომიკას სჭირდება მხარდაჭერა სხვა ინსტრუმენტებითაც, ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში წლის ბოლომდე დამატებით ინვესტირებული იქნება 300 მილიონი ლარი. ყველაფერი რომ შევაჯამოთ, არის დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ოდენობის რესურსის ეკონომიკაში მიმართვა ან დატოვება კომპანიებისთვის, რამაც ამ ეტაპზე მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს კერძო სექტორს," - აღნიშნა პრემიერმა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system