თავში

ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებულ რა შეცდომებზე მიუთითებენ ხელისუფლებას ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით

ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებულ რა შეცდომებზე მიუთითებენ
ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებულ რა შეცდომებზე მიუთითებენ ხელისუფლებას ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების შესახებ ანალიზსს ავრცელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებულ შეცდომებზე ხელისუფლებას მიუთითებენ, რომ არასწორია , რომ კანონმდებლობის, გადასახადისა და ბაზრის წესების ცვლილებით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს.

ცენტრის მტკიცებით, თუ კანონმდებლობაში განხორციელდება ცვლილება, რომელიც კომპანიის ეკონომიკურ ან ფინანსურ მდგომარეობაზე მოახდენს არსებითად უარყოფით გავლენას, ან შეიცვლება ელექტროენერგის სისტემის ოპერირების ან/და ელექტროენერგიით ვაჭრობის წესები, მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ, რომ ეს ცვლილებები აისახოს ხელშეკრულებაში (მაგალითად: ელექტროენერგიის რეალიზაციის პირობებში) ისე რომ კომპანიის ეკონომიკური და ფინანსური პოზიცია, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, შენარჩუნდეს. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ფისკალურ ტვირთებს მხოლოდ სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე.

"იმ პირობებში, როდესაც საქართველო, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აქტიურად მუშაობს ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, მოსალოდნელია არსებითი საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ენერგეტიკის დარგში. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, შეთანხმების ეს პუნქტი უახლოეს მომავალში სახელმწიფოსთვის მძიმე ფისკალურ ვალდებულებებს დააკისრებს," - განმარტავენ ორგანიზაციაში და იქვე გადასახადების ცვლილების ფაქტორსაც ხსნიან. მათი მტკიცებით, კომპანია და „პროექტის მონაწილეები“ უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მთავრობისგან ნებისმიერი ზიანის კომპენსირება, რომელიც მიადგებათ გადასახადის ზრდით, ან ნებისმიერი იმგვარი რეგულაციის შემოღებით, რაც გაზრდის მათ საგადასახადო ტვირთს.

"მთავრობა არა მხოლოდ ვალდებულია, კომპანიას აუნაზღაუროს გადასახადების ზრდით გამოწვეული შემცირებული შემოსავალი ან გაზრდილი ხარჯი, არამედ ასევე დამატებით „დანაკარგი”, ანუ ზიანი. დანაკარგი კი ხელშეკრულებით მაქსიმალურად ფართოდაა განმარტებული და პირდაპირ ზიანთან ერთად, მოიცავს შემოსავალსა და მოგებას, რომელიც კომპანიამ ვერ მიიღო და ასევე, დაკარგულ შესაძლებლობასაც კი. ამასთან, მთავრობა ვალდებულია, კომპენსაცია გადაუხადოს არამხოლოდ კომპანიას, არამედ პროექტის სხვა მონაწილეებსაც," - აცხადებენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში“ (EMC).

მათივე მტკიცებით, ხარვეზია ისიც, რომ შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს. EMC-ის განმარტებით, კომპანია მიმართავს ყველა კომერციულად გონივრულ მცდელობას, რომ დასაქმებულების საშუალოდ 70/50/70/80% (დამოკიდებულია პროექტის სტადიაზე) იყოს საქართველოს მოქალაქე. ამასთან, ეს პირობა შესრულდება იმ შემთვევაში, თუ კომპანია შეძლებს საკმარისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქეების პოვნას. რომლებიც კომერციულად იმავე პირობებით იმუშავებდნენ, როგორც უცხოელები.

"ჩანაწერი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დასასაქმებლად „ყველა კომერციულად გონივრულ მცდელობაზე“ საუბრობს, პროცესზეა ორიენტირებული და არა შედეგზე, რაც დადგენილი პირობების გათვალისწინებით, არ გულისხმობს კომპანიის ვალდებულებას, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ნაწილში. იმ პირობებში, როდესაც კომპანიას ხელშეკრულებით საქართველოს მოქალაქეების გადამზადების ვალდებულება არ აკისრია, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ადგილზე ელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კვალიფიკაციის კადრები აღმოჩნდებიან, ამიტომაც, ადგილობრივების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ე.წ. შავ სამუშაოზე დასაქმდება. შესაბამისად, თუ კომპანია იაფ და მათი შეფასებით “კვალიფიციურ” მუშახელს ადგილზე ვერ მოიძიებს, სრულებით თავისუფალია, ასეთ მუშახელად უცხოელები გამოიყენოს," - განმარტავენ EMC-ში. 

კიდევ ერთ ხარვეზადაა შეფასებული ისიც, რომ ფორს-მაჟორული გარემოებებისას ყველა სახის ზიანისა და დანაკარგის ანაზღაურება სახელმწიფოს ვალდებულებაა. როგორც EMC-ი განმარტავს, ხელშეკრულებით გამიჯნულია ფიზიკური და არაფიზიკური (პოლიტიკური) ფორს-მაჟორული გარემოებები და მათ მიერ გამოწვეული შედეგები განსხვავებულად რეგულირდება. ფიზიკურ, იგივე არაპოლიტიკურ ფორს-მაჟორს მიეკუთვნება ისეთი მოვლენები, როგორიცაა ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ეპიდემია და სხვა. პოლიტიკურ ფორს-მაჟორულ გარემოებებს განეკუთვნება ნებისმიერი საომარი მოქმედება, შეიარაღებული კონფლიქტი, რევოლუცია, აჯანყება, სამოქალაქო არეულობა, ბლოკადა, ემბარგო და სხვა. ასევე ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რომელიც ხელს უშლის მშენებლობას ან პროექტის ოპერირებას.[1] ხელშეკრულებით, ამგვარი ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს მთავრობა ვალდებულია, კომპანიას, კონკრეტულ დანახარჯებთან ერთად, აუნაზღაუროს მიყენებული ზიანიც, იგივე „დანაკარგი“, რომელიც ხელშეკრულებით უკიდურესად ფართოდ განმარტებული ტერმინია.

"ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო არამხოლოდ არ თავისუფლდება პოლიტიკური ფორ-მაჟორის დროს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისგან (მაგ. ელექტრო-ენერგიის საფასურის შეუფერხებლად გადახდა), არამედ უფრო მეტიც, თუ კომპანიას ამ სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებული, გარემოებებით მიადგება ზიანი, მთავრობა ვალდებულია, კომპანიას ზიანიც აუნაზღაუროს. მეორემხრივ, პოლიტური ფორს-მაჟორის დროს თუ კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულებები, ეს საპატიოდ ითვლება," - განმარტებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების შესახებ ანალიზში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system