თავში

პარლამენტმა საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელა

პარლამენტმა საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელა
პარლამენტმა საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელა

ბიუჯეტისა და ზოგადად საბიუჯეტო პროცესის აღრიცხვიანობისა და გამჭვირვალობის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაკაურიძის თქმით, საბიუჯეტო პროცესის აღრიცხვიანობისა და გამჭვირვალობის მხრივ ჩვენს ქვეყანას კარგი პრაქტიკა და კარგი საერთაშორისო რეიტინგები აქვს, თუმცა არის კიდევ გაუმჯობესების სივრცე გარკვეული მიმართულებებით. ცვლილება გარდამავალ დებულებებს ეხება, კერძოდ საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ხაზინის მომსახურებაზე გადასვლას და შესაბამისად მათი ყოველდღიურ რეჟიმში ანგარიშვალდებულების და აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას. ასევე, სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის პროცესს.

„2015 წლიდან ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი გადავიდა ხაზინის ერთიან სისტემაზე, დარჩენილია მხოლოდ საჯარო სკოლები და რამდენიმე ბაღი. 2022 წლის 1 იანვრიდან ყველა საჯარო სკოლა უნდა ყოფილიყო გადასული, მაგრამ ამას ესაჭიროება შესაბამისი ტრენინგები, რაც პანდემიიდან გამომდინარე შეფერხდა, ამიტომ ეს სავალდებულოობა 2024 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს. თუმცა, ამ პერიოდში ტრენინგების კვალდაკვალ გადავიყვანთ საჯარო სკოლებს ხაზინის მომსახურებაზე, ისე, რომ 2024 წლისთვის უკვე ყველა საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი იქნება ამ სისტემაში ჩართული“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, მეორე მიმართულებას სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის გათვალისწინებით, სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ოპერაციების საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში ასახვა წარმოადგენს. მოცემული კანონპროექტი სწორედ ამისთვის ქმნის სამართლებრივ საფუძველს.

სხდომაზე კომიტეტმა განიხილა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილის თქმით, ხელშეკრულებას ხელი მოეწერა მიმდინარე წლის ივლისში და გულისხმობს შემოსავალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის პრევენციას. მსგავსი ხელშეკრულება საქართველოს დადებული აქვს 57 ქვეყანასთან.

ხელშეკრულება მოიცავს დებულებებს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკითხებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system