თავში

პოლიტიკური პროცესების სავარაუდო გავლენა ინვესტიციებზე

პოლიტიკური პროცესების სავარაუდო გავლენა ინვესტიციებზე
პოლიტიკური პროცესების სავარაუდო გავლენა ინვესტიციებზე

სპეციალისტების შეფასებით, პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკურ პროცესებზე, განსაკუთრებით ინვესტიციებზე, ნეგატიურად აისახება. როგორც ეკონომისტი რამაზ გერლიანი report.ge-თან ამბობს, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის გაუთავებელი დაპირისპირება და სიტუაცია, რაც ამჯერად ქვეყანაშია, ინვესტიციებს დიდ რისკს უქმნის და სამომავლო პოტენციალსაც ამცირებს.

 ,,ინვესტიციების მიმართულებით ფონი რადიკალურად თუ არ გამოსწორდა, შეუძლებელია, სერიოზული გარდატეხა მოხდეს. ჩვენ არანაირი კონკურენტული უპირატესობა არ გაგვაჩნია სხვებთან მიმართებაში. თუნდაც ის, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს პოტენციურმა ინვესტორებმა ჩვენს რეგიონზე გააკეთონ აქცენტი, ამის შანსი არ არის. ვერ ვაჩვენეთ წინსვლა ვერც ეპიდემიური სიტუაციის გამჯობესების, ვერც ვაქცინაციის კუთხით. რაც ასევე სავალალოა, პოლიტიკურადაც არასტაბილურობაა და არც ერთი ცივილური, სერიოზული ინვესტორია კაპიტალს არ დააბანდებს, როცა ხედავს, რომ პოლიტიკური მდგომარეობა ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიცვალოს. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას 2 გარემობის გამო, როგორიცაა საგადასახადო ნორმა და ინვესტიციების დაცულობა ქვეყანაში. პრაქტიკულად შევქმენით შთაბეჭდილება, რომ ინვესტიციები დაუცველია, ასეთი მესიჯი იგზავნება უცხოეთში და ეს ცუდია, ამ მხრივ პოლიტიკური პარტიები ხშირად სცოდავენ. ბიზნესისთვის დღესდღეობით დიდი დაბრკოლებაა არახელსაყრელი საინვესტიციო გარემო და რისკები, რომელიც რეალურად არსებობს", - ამბობს გერლიანი.

ეკონომისტ სოსო სიმონიშვილის შეფასებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინვესტიციები, რომელიც ხელს უწყობს განათლებას, მოახდენს პროფესიული კადრების გადამზადებას, გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას, ტექნოლოგიურ განვითარებას და სხვა. თუმცა ეკონომისტი აქვე დასძენს, რომ ამ დონის ინვესტორები დიდი ხანია, არ შემოსულან საქართველოში და არც სამომავლოდ შემოვლენ, სანამ ქვეყანაში არასტაბილურობის განცდა იბატონებს.

ამ ეტაპზე კი, როგორც სიმონიშვილი ვარაუდობს, მოსალოდნელია პრობლემები გადამამუშავებელ ბიზნესში და ენერგეტიკულ სექტორშიც გაჩნდეს, რა მიმართულებითაც სახარბიელო ვითარება ისედაც არ არის.

,,საქართველოში არასტაბილური მდგომარეობაა და მრავალწლიან ინვესტირებას არავინ განახორციელებს, მით უმეტეს, ოკუპირებული ტერიტორიებია, პოლიტიკური არასტაბილურობა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ინვესტიცია დაკარგონ. ამიტომ ჩვენთან ინვესტიციები უფრო მოკლევადიან ეფექტზეა გათვლილი. საერთოდ, ხელისუფლებას თუ უნდა, რომ ქვეყნის განვითარება იყოს სტაბილური, მთლიანად უნდა შეიცვალოს ეკონომიკური პოლიტიკის ვექტორი და უცხოური ინვესტიციების ნაცვლად, აქცენტი შიდა ინვესტიციებზე გადაიტანოს. ამაზე მეტად მომგებიანი ქვეყნისთვის არაფერია. ეს იქნება ყველაზე სწორი და სტაბილური გზა, მაგრამ ეკონომიკის ასეთი განვითარება მთავრობისთვის კორუფციის ნაკლებ შესაძლებლობას იძლევა და არც ერთ მთავრობას არ მოსწონს. პრობლემას უფრო მეტად გადამამუსავებელ ბიზნესსა და ენერგეტიკაში ველოდები. ცხადია, არსებული მძაფრი პოლიტიკური კონტრასტის ფონზე ქვეყანას სჭირდება ქმედითი ნაბიჯები, რომ პასუხგაუცემელი კითხვები აღარ დარჩეს უსაფრთხოების, ინსტიტუციების საიმედოობის, მართლმსაჯულების, პოლიტიკური და მმართველობითი ეფექტიანობის მიმართულებით", - ამბობს სოსო სიმონიშვილი report.ge-თან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system