თავში

პრემიერი განმარტავს რამდენად სწორია 48 მილიონით საწოლფონდის დაქირავება

პრემიერი განმარტავს რამდენად სწორია 48 მილიონით საწოლფონდის დაქირავება
პრემიერი განმარტავს რამდენად სწორია 48 მილიონით საწოლფონდის დაქირავება

ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის - ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ, ან ელემენტარულ არითმეტიკას მიყევით, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ექსპერტების, რომელთა აზრით,  48 მილიონი საწოლფონდისთვის გაბერილი თანხაა. ხელისუფლებას ჯანდაცვის ექსპერტების კრიტიკულად განწყობილი ნაწილი ედავება ფულის ზედმეტ ხარჯვას. მათი თქმით 48 მილიონად არათუ საწოლფონდს, გონიერი მენეჯერი, მთელ კლინიკას ააშენებს. 

მთავრობის მეთაურის თქმით, საავადმყოფოს აშენებასა და ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნას დაახლოებით 80 ათასი დოლარიდან 120 ათას დოლარამდე სჭირდება.

„რეანიმაციას არ ვამბობ, 5 000 საწოლი რომ შეიქმნას, ამას სჭრიდება ნახევარი მილიარდი დოლარი. ადამიანები რაღაცას რომ ლაპარაკობენ, ბევრჯერ მითქვამს ამ ჩვენი ოპონენტებისთვის, ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ, ან ელემენტარულ არითმეტიკას მიყევით. ქვეყანაში საწოლფონდების დეფიციტი არ არსებობს. 5 ათასი ადგილი ახალ წლამდე მუდმივ მზადყოფნაში რომ გვქონდეს, ეს ამისთვის გამოცხადდა. 5 ათასი გვჭირდება იმისთვის, რომ თუ ახალ წლამდე ინფიცირებულების ოდენობა გაიზრდება, საწოლები გვქონდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საწოლადგილები იქნება სახელმწიფოს განკარგულებაში კოვიდისთვის. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულმა კლინიკამ უნდა გაათავისუფლოს და ჰქონდეს. თუ ამ ტემპით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ჩვენ დამატებით 5 ათას ადგილზეც მოგვიწევს გამოცხადება, შეიძლება ნაკლებზეც. ეს არის მუდმივი პროცესი და როდესაც ადამიანები, ვაი ექსპერტები, თავის საქმეში, რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ ერთმანეთს გადააბრალონ, შეაზავონ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ, არჩევნების წინ, ეს სრულიად მიუღებელია. ეს არის გლობალური პანდემია და როცა გლობალური გამოწვევაა, იმის მაგივრად, რომ შენი რჩევით, ცოდნით, რესურსით მიეხმარო ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინოს, ამის მაგივრად პოლიტიკურ აქტივში კონვერტირება, იმიტომ რომ სამი კვირის შემდეგ არჩევნებია და გინდა რომელიღაც დონის დეპუტატი გახდე, ამორალურია“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახენებთ, საქართველოს მთავრობა კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის დამატებითი საწოლების მობილიზებას ახდენს. სოციალური მომსახურების სააგენტო 48-მილიონლარიანი გამარტივებული შესყიდვისთვის მთავრობისა და შესყიდვების სააგენტოს თანხმობას ითხოვს. 

როგორც მთავრობა განმარტავს, “მოსალოდნელ ინფიცირებულთა ოდენობა გასცდა ინფექციურ დაწესებულებებში არსებული საწოლფონდების რესურსს”, რისთვისაც დაუყონებლივაა საჭირო დამატებითი საწოლადგილების მობილიზება. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გუშინ განაცხადა, რომ საწოლების მობილიზება ხდება პრევენციისთვის, ამჟამად არსებული რესურსი კი სავსებით საკმარისია. მისი თქმით, ამ დროისთვის მობილიზებულია 2522 საწოლი, საიდანაც 600 ერთეული თავისუფალია. გაბუნიას განმარტებით, სოციალური მომსახურების საააგენტოს გაფორმებული აქვს კონტრაქტები სამედიცინო დაწესებულებებთან, 35 დაწესებულება მონაწილეობს ამ პროგრამაში და მათგან ხდება მომსახურების შესყიდვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system