თავში

რა აწუხებთ მცირე მეწარმეებს

რა აწუხებთ მცირე მეწარმეებს
რა აწუხებთ მცირე მეწარმეებს

მეწარმეთა კავშირის განცხადებით, მცირე მეწარმეები კრიტიკულ ზღვარზე არიან და მთავრობის მხრიდან გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ. როგორც მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელი გოგა ციცქიშვილი report.ge-თან ამბობს, ისინი არ ითხოვენ ფინანსურ რესურსს, არც სესხების სუბსიდირებას და სხვა, რადგან ყველა მსგავს პრობლემას თავად მოაგვარებენ, თუკი პროდუქციის რეალიზაციის საშუალება ექნებათ. 

ციცქიშვილის განცხადებით, მცირე მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქტი მსხვილი სავაჭრო ქსელების დახლებზე არ იყიდება გადაულახავი ბარიერის და იმ კაბალური პირობების გამო, რასაც სავაჭრო ქსელების მსხვილი მოთამაშეები წვრილ მეწარმეებს უყენებენ და ამით ბლოკავენ მათ პროდუქციას დახლებზე.

,,თხოვნით მივმართეთ მთავრობას, რომ მოგვეცეს დახლებზე პროდდუქციის განთავსების, რეალიზაციის და კუთვნილი თანხის მიღების შესაძლებლობა. არც ერთი ლარი არ გვინდა - არც სუბსიდირება, გარდა იმისა, რომ ჩვენს ადგილობრივ, მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც ქმნან საშუალო ფენას და მათი საქმიანობა მათივე შემოსავლის ერთადერთი წყაროა, რეალიზაციის პირობები გაუმარტივონ. ამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი პროდუქცია აღმოჩნდეს მსხვილი სავაჭრო ქსელების დახლებზე, საიდანაც მოხდება რეალიზაცია, ჩაგვერიცხება თანხა, რაც ჩვენი არსებობის გასაგრძელებლად აუცილებელია. არსებულ სიტუაციაში, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იკისრებს საშუამავლო რგოლის ფუნქციას მეწარმეებსა და სავაჭრო ქსელებს შორის მოლაპარაკების ყველა ეტაპზე.  ასეთი ჯგუფის დაკომპლექტება შესაძლებელია როგორც სხვადასხვა სამთავრობო უწყების, ასევე ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციაში მომუშავეთა კადრებით. ამდენი ხნის განმავლობაში სრულ იგნორს გვიწევდნენ, არც ერთი სტრუქტურა არ ცდილა დახმარების გაწევას, მათ შორის ,,აწარმოე საქართველოშიც" კი,  რომლის ბენეფიციარებიც ჩვენი წევრები არიან. წესით, მათი მდგომარეობა სააგენტოსთვის საყურადღებო უნდა იყოს. რა აზრი აქვს დანადგარების შეძენას, თუ ამ ტექნიკით წარმოებულ პროდუქტს ვერ გაყიდიან და ახალს ვერ შექმნიან. დღეს მცირე მეწარმეობა უმძიმეს მდგომარეობაშია. იმედია, შესაბამისი სტრუქტურები გაითვალისწინებენ და ზომებს მიიღებენ, რომ მცირე ბიზნესს საქმიანობის შესაძლებლობა მიეცეს", - ამბობს ციცქიშვილი.

მისი თქმით, მცირე მეწარმეებს განსაკუთრებით რეგიონებში გაუჭირდებათ, რადგან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვით ისედაც მწირი რეალიზაცია საერთოდ გაჩერდება.

,,ეპიდემიური ფონი მძიმეა ქვეყანაში, მაგრამ მცირე მეწარმეები ახლა კრიტიკულ ზღვარზე არიან. განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებლებს უჭირთ. ზოგი აწარმოებს ყველს, ტყემალს, წინდებს ქსოვს, თექის ნაწარმზე მუშაობს და სხვა. საარსებოდ აქამდე მცირე რესურსი მაინც ჰქონდათ. სოციალური ქსელის საშუალებით უკავშირდებოდნენ მომხმარებლებს, სამარშრუტო ტაქსებით ჩამოდიოდნენ თბილისში, სხვადასხვა მეტროებთან აწვდიდნენ პროდუქციას და უკან ბრუნდებოდნენ რეგიონებში. ახლა ამასაც ვერ შეძლებენ, რადგან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აიკრძალა.  მძიმე სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ის ინიციატივებია, რაზეც ჩვენ პრემიერის აპარატს მივმართეთ, გუშინ დარეგისტრირდა მეწარმეთა კავშირის განაცხადი და ველოდებით პასუხს", - აღნიშნა გოგა ციცქიშვილმა report.ge-თან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system