თავში

რა დაბრკოლებებია მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისას

რა დაბრკოლებებია მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისას
რა დაბრკოლებებია მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისას

მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა, რის ვალდებულებაც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში იკისრა, მთავრობის მხრიდან სერიოზულ ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს, პირველ რიგში საკანონმდებლო ბაზისა და საშეღავათო გარემოს შექმნას, რა მხრივაც სამუშაოები მხოლოდ ახლა იწყება. ამის შესახებ report.ge-თან ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თანადამფუძნებელი, გარემოს დამცველი რუსიკო სიმონიძე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ეკონომიკა წახალისდეს, რა მიმართულებითაც შესაძლებელია ქვეყანამ თანამედროვე, ევროპული გამოცდილება გაითვალისწინოს.

,,მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამ მხრივ დიდი როლი აკისრია საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ შეღავათების მექანიზმი შემუშავდეს და დაინერგოს. დღეს სხვა გამოსავალი არც გვაქვს, ამ ქვეყნის მომავალი მწვანე ეკონომიკაზე უნდა იყოს მიმართული, მით უმეტეს, როცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაც გვაქვს ეს ვალდებულება აღებული. თუმცა გასაკეთებელი ბევრია. მათ შორის, დასახვეწია კანონმდებლობა. როგორც აღვნიშნე, ეროვნული ბანკიდანაც გარკვეული შეღავათებზე ხელშეწყობა გვჭირდება. შეღავათი უნდა იყოს როგორც ფინანსური, ასევე საკანონმდებლო დონეზე, რათა მწვანე ეკონომიკა წახალისდეს. პროცესი ნელი ტემპით, მაგრამ მეტნაკლებად დაწყებულია. პირველ რიგში, ეს არის განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტურობა, ნარჩენების გადამუშავების თემები, სოფლის მეურნეობის საკითხები და სხვა. ენერგოეფექტურობის მიმართულებით უამრავი ღონისძიებაა განსახორციელებელი. ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება, როცა არსებობს ევროპული გამოცდილება. ძალიან ბევრი ენერგორესურსია, რომლის გამოყენებას უნდა მხოლოდ მიმართულების მიცემა. მწვანე ეკონომიკაზე თუ არა გადავალთ, კლიმატის ცვლილებითაც, ყველაფერი უარესობისკენ მიიმართება. ამიტომ, არა მარტო შესაძლებლობა, აუცილებლობაა, რომ ეფექტური ღონისძიებები დავგეგმოთ და შევამციროთ გარემოზე მავნე ზემოქმედება, მათ შორის, გამონაბოლქვები", - ამბობს რუსიკო სიმონიძე.

მწვანე ეკონომიკის როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობს  სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე. მისი განცხადებით, აუცილებელია ეკოსისტემაზე ტოტალური ზრუნვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწა დაღუპვის გზას დაადგება.

,,მწვანე ეკონომიკა უნდა განვითარდეს, ამას დღეს ალტერნატივა არ აქვს. მთელი სპექტრია, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ამის აუცილებლობა დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა და ტემპს არც ჩვენ უნდა ჩამოვრჩეთ, თუ გვინდა, რომ მომავალი გადავარჩინოთ. მწვანე ეკონომიკის მიმართულებით სერიოზული სამუშაოები დაწყებულია, განსაკუთრებით ინტენსიურად მიდიოდა მუშაობა ამ მხრივ, როცა საუბარი იყო კლიმატის გლობალურ დათბობაზე. მწვანე ეკონომიკა დიდწილად უნარჩენო წარმოების ეკონომიკასთან ასოცირდება, რომლის პერსპექტივა ადამიანის ზრუნვასა და გარემოს დაცვაზეა დამოკიდებული. გვინდა თუ არა, ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. ეს არის ჩვენს შთამომავლობაზე ზრუნვის ყველაზე სწორი და ეფექტური გზა", - აცხადებს კობალაძე report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ მწვანე ეკონომიკა სამთავრობო პრიორიტეტებშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „გაეროს გლობალური შეთანხმების ონლაინ სამიტის“ ფარგლებში გამართულ რეგიონულ კონფერენციაში „გლობალური მიზნების დასახვა ადგილობრივი ბიზნესისთვის - საქართველო“ მიიღო მონაწილეობა.

დავითაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს. მან კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის კლიმატის ცვლილების სტრატეგიის (2030) და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system