თავში

რა დარღვევებია პროდუქტის დისტრიბუციისას

რა დარღვევებია პროდუქტის დისტრიბუციისას
რა დარღვევებია პროდუქტის დისტრიბუციისას

ჰიგიენის დაცვის ნორმა, შენახვის პირობები და ტრანსპორტის გამართულობა ძირითადი პრობლემაა, რაც დისტრიბუციაში არსებობს. განსაკუთრებით ეს ეხება რეგიონებს, სადაც დარღვევები თითქმის ყოველ ნაბიჯზეა. როგორც მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია ,,ეტიკის" დამფუძნებელი ამირან შენგელია report.ge-თან ამბობს, სადისტრიბუციო კომპანიებში ამის პრობლემა დიდწილად მოგვარებულია, თუმცა კერძო დისტრიბუტორტა დიდ ნაწილში, ასევე უშუალოდ საცხობებისა და მცირე საწარმოების მხრიდან პროდუქტის მიწოდებისას ხშირია დარღვევები, მათ შორის, როცა საქმე პურსა და პურპროდუქტებს ეხება.

,,სადისტრიბუციო კომპანიებთან კითხვის ნიშნები ფაქტობრივად არ არის, მათი საქმიანობა სტანდარტს გარკვეულწილად აკმაყოფილებს. თუმცა არიან ასევე მცირე საწარმოებთან არსებული კერძო პირები, რომლებიც სადისტრიბუციო მომსახურებას ეწევიან გამოუსადეგარი ტრანსპორტით, სადაც სტანდარტი მინიმალურ დონეზეც არ არის დაცული. განსაკუთრებით რეგიონებშია ეს პრობლემა პურის მიწოდებისას. რამდენიმე შემთხვევა შემიმჩნევია თბილისშიც, როცა დისტრიბუტორი დამტვერილ სალონში მოთავსებული პურით ამარაგებს მაღაზიას. ჰიგიენის ელემენტარული პირობაც არ არის გათვალისწინებული. ცალკე პრობლემაა შენახვის პირობები, რაც ასევე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მალფუჭებადი პროდუქცია, ფაქტობრივად, გაფუჭებული შედის მაღაზიაში იმის გამო, რომ ტრანსპორტირებისას შენახვის ნორმა დარღვეულია. შეფუთულ პროდუქტს კი, სანამ არ გახსნი, ვერ გაიგებ, კარგია თუ ცუდი. ყველა ერთმანეთს ატყუებს. მომხმარებელთა უფლებები დედაქალაქშიც ირღვევა და რეგიონებში ამ მხრივ უფრო მძიმე მდგომარეობაა. არის შემთხვევები, როცა ადამიანი საკუთარი მანქანით პურს დაარიგებს დღის საათებში და უკვე საღამოს ის მანქანა ტაქსია", - ამბობს შენგელია report.ge-თან.

სპეციალისტების შეფასებით, საშიშია ყველა პროდუქტი, რომელიც უხარისხოდ და სტანდარტების გაუთვალისწინებლად მზადდება. ამიტომ საფრთხე ყველა მიმართულებითაა. სურსათის სფეროს სპეციალისტი, ეთერ სარჯველაძე არსებულ საფრთხეს ხშირად შენახვის პირობების უკავშირებს, რასაც შეიძლება დისტრიბუციის პირობების დარღვევისას ჰქონდეს ადგილი.

,,ძალიან მალე ფუჭდება პროდუქტი, განსაკუთრებით თბილ და ცხელ ამინდში. ამ მხრივ დისტრიბუტორებიც სცოდავენ და ამ ფაქტს ვერ გავექცევით. შეიძლება, ჩაბრუნებულ პროდუქტს ყიდიან, არ იცავენ შესაბამის ტემპერატურას და ამის გამო უკვე გაფუჭებული საკვები შედის მაღაზიაში. ხილი და ბოსტნეული ამ მხრივ ნაკლებ რისკს შეიცავს, მაგრამ ხორცეულისა და რძის პროდუქტების ყიდვას უნდა მოერიდონ, რადგან როცა სტანდარტი ირღვევა, ყველა პირობაა იმისთვის, რომ ასეთ პროდუქტში მიკროორგანიზმები სწრაფად განვითარდნენ. შეიძლება, ეს პათოგენურ მიკრობებსაც შეეხოს, რომლებიც ორგანიზმისთვის განსაკუთრებით საშიშია", - განმარტავს სარჯველაძე.
მისი თქმით, ნებისმიერი პროდუქტის რეალიზაციისას აღმოჩენილ დარღვევებზე თანაბრად არიან პასუხისმგებელი მეწარმე და რეალიზატორი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system