თავში

რა დარღვევებია თხევადი საავტომობილო გაზის ბაზარზე

რა დარღვევებია თხევადი საავტომობილო გაზის ბაზარზე
რა დარღვევებია თხევადი საავტომობილო გაზის ბაზარზე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე, შავლეგ მიშველაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის მარტში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) – რეკორდული რაოდენობის პროდუქტის, 1700 ტონის იმპორტი განხორციელდა.

ბიზნეს ასოციაციაში ეჭვობენ, რომ მის შემდგომ რეალიზაციას გეგმავენ, როგორც თხევადი საავტომობილო გაზის (LPG).

შავლეგ მიშველაძე განმარტავს, რომ აღნიშნული სასაქონლო კოდი არ განეკუთვნება აქციზით დასაბეგრ პროდუქციას, შესაბამისად მისი იმპორტისას არ ხდება მასზე აქციზის გადახდა, რითაც თავს არიდებენ გადასახადებს. ეს კი, მიშველაძის თქმით, აზარალებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტს, რადგან კარგავს შემოსავლებს.

გარდა ამისა, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარის მტკიცებით, ზარალდებიან კეთილსინდისიერი მეწარმეებიც და მომხმარებლებიც, რომლებიც საბოლოო ჯამში იღებენ უხარისხო, არასტანდარტულ პროდუქტს. 

"ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ეს ყველაფერი, ანუ ამ გაუგებარი პროდუქტის იმპორტის რეკორდული ზრდა ფიქსირდება 2020 წლის მარტის თვეში, მაშინ როდესაც COVID 19-ის მიერ გამოწვეული პრობლემების გამო დაქვეითებულია ეკონომიკური აქტივობა და დაზარალებულია მთელი ქართული ბიზნესი, ხოლო ნავთობპროდუქტების საცალო ბაზარზე რეალიზაციის ვარდნა თითქმის 40 პროცენტს შეადგენს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთხელ გამოიტანა სააშკარაოზე ნავთობპროდუქტების და კერძოდ თხევადი გაზის ბაზარზე დაგროვილი მნიშვნელოვანი პრობლემები. მათ შორის, თხევადი გაზის ადეკვატური და სამართლიანი დაბეგვრის აუცილებლობა, ამ კუთხით ხარისხის სტანდარტის დანერგვის საჭიროება და მისი შემდგომი კონტროლი, იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ხარისხის პერმანენტული კონტროლის აუცილებლობა და სხვა“, – აცხადებს მიშველაძე და ამბობს, რომ თხევადი გაზის სამართლიან დაბეგვრასთან და ზემოაღნიშნული კოდის საშუალებით პროდუქციის იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების საკანონმდებლო დონეზე მოსაგვარებლად საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უკვე წინადადებებით მიმართა საქართველოს პარლამენტს. თუმცა, შექმნილი ობიქტური გარემოებების გამო, საკითხის განხილვა პარლამენტში შესაძლოა, გაჭიანურდეს.

ამით კი, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან კარგად სარგებლობენ ის ბიზნეს ჯგუფები, რომელთა ბიზნესანატომიაც უკანონო ბიზნესსაქმიანობასა და სხვადასხვა მაქინაციებზე იყო და არის აგებული. ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოშიც უნდა დამკვიდრდეს ბიზნესის წარმოების სამართლიანი პრაქტიკა, როდესაც არავის მიეცემა იმის უფლება, რომ თავი აარიდოს გადასახადების გადახდას და გამდიდრდეს ამ სრულიად მანკიერი გზით. ამ ტიპის მაქინაციები მთლიანად უთხრის ძირს კეთილსინდისიერი ბიზნესის კეთების ფუნდამენტურ საფუძვლებს და ყველასათვის თანაბარი, კონკურენტული ბიზნეს გარემოს არსებობას. აღნიშნული ასევე იწვევს წესიერად მომუშავე მეწარმეების სრულ დემოტივაციას“, – ამბობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system