თავში

რა დონეზეა ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში

რა დონეზეა ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში
რა დონეზეა ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა დაახლოებით 14-ჯერ გაიზარდა, ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ფინანსური ბაზარი ფაქტობრივად მკვდარია და ზომაში ზრდის შესაძლებლობა ვერანაირად ვერ ექნება. ამის არგუმენტად ფინანსისტი იშველიებს საერთაშორისო გამოცდილებას და აცხადებს, რომ ნორმალურ ქვეყნებში ფინანსურ ბაზარზე, სულ მცირე, 50 მონაწილე კომპანიაა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 5-საც ვერ აღწევს.

,,საფონდო ბირჟა არის მკვდარი. როგორ შეიძლება თქვა, რომ გაიზარდა, როცა გარიგებები პრაქტიკულად არ წარმოებს. თანაც, დარჩენილია სულ 4 საბროკერო კომპანია და აქედან 3 ბანკია. ისინი წარმოადგენენ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ძირითად ოპერატორებს, რომელთა გარეშე ოპერაციები არ ხორციელდება. ცხადია, ბანკების ინტერესშია, რომ ბაზარი არ განვითარდეს და ეს ბუნებრივია. პირობითად განვმარტავ, თუკი ბაზარმა განვითარება დაიწყო და კომპანიებმა ობლიგაციების აქტიური გამოშვება და საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვას მიჰყვეს ხელი, ბანკების საკრედიტო პორტფელი მნიშვნელოვნად შემცირდება, ჩაიფუშება. ეს მოხდება იმიტომ, რომ კომერციული ბანკებიდან გაედინება ფული და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დაბანდდება, რომელიც უფრო მომგებიანია. ცხადია, ბანკებს ეს არ აწყობს. ამიტომ, აქამდე როგორ გააჩერეს რეგულირების ეს სფერო ეროვნული ბანკის ქოლგის ქვეშ, რეალურად ვერ წარმომიდგენია. მაგალითისთვის, როდესაც რომ ერთი მსხვილი კომპანია ასახავს თავის კაპიტალს აქციებში და ერთი ბანკი მთლიანად ყიდულობს ამ კომპანიის 100%-ს, ეს არ არის ფასიანი ქაღალდების ბაზარი. საქართველოში არც ერთი ღია, კლასიკური საჯარო ემისია არ განხორციელებულა, აქედან გამომდინარე, გვენეტაძე ცრუობს, როცა აცხადებს, რომ ბაზარი გაიზარდა. ფასიანი ქაღალდების ბაზარი ეს არის ბევრი ფული საფონდო ბირჟაზე, ბევრი ემისია, ბაზრის ოპერატორების ოპტიმალური რაოდენობა და ინტენსიური გარიგებები ბირჟებზე, ამ კრიტერიუმების გარეშე ბაზარი რეალურად არ არსებობს", - აცხადებს ხომიზურაშვილი და დასძენს, რომ ეროვნული ბანკის სტატისტიკა ობიექტურობას მოკლებულია, რადგან სინამდვილეში  საფონდო  ბაზარი არ არის ორგანიზებული სისტემა, რითაც სახელმწიფო ბევრს კარგავს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ინფორმაციით, მშპ-თან მიმართებით, ადგილობრივი სახელმწიფო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა და 2019 წლის ბოლოს 11% შეადგინა. ბოლო წლებში შესამჩნევია სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა. ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიურ ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system