თავში

რა დონეზეა გარემოსდაცვითი განათლება საქართველოში

რა დონეზეა გარემოსდაცვითი განათლება საქართველოში
რა დონეზეა გარემოსდაცვითი განათლება საქართველოში

გარემოსდაცვითი განათლება საქართველოში ყველა დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამ მიმართულებით ნებისმიერი მხარდაჭერა ქვეყნისთვის დიდი სარგებლის მომტანია. ასე აფასებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობის შემუშავების ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციის „GEO - Georgia’s Environmental Outlook“ დამფუძნებელი ხათუნა გოგალაძე. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული კავშირის ჩვენება გარემოს მდგრად განვითარებას და თითოეული ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხს შორის, რა მხრივაც დღესდღეობით პრობლემაა.

,,გარემოსდაცვითი განათლების კომპონენტი თითქმის ყველა პროექტშია გათვალისწინებული. ეს არის პროცესი, როგორც თვითონ განათლების მთელი სპექტრი. ამდენად, გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერა ნებისმიერ დონეზე მისასალმებელია. ძალიან კარგი ინიციატივაა, რომელიც უნდა იყოს ადამიანის ადრეული ასაკიდანვე ინტეგრირებული, ამისთვის კონკრეტული თემატიკა უნდა შეირჩეს და ვიცოდეთ განყენებულად, თუ რა გვაქვს და როგორ უნდა დავიცვათ. ასეთი ზედაპირული მიდგომის გარდა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ გარემოს დაცვის მნიშვნელობა ქვეყნის კეთილდღეობის, ეკონომიკური განვითარებისა და სხვადასხვა მიმართულებით, რაც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს მისთვის გასაგები ფორმით უნდა მიეწოდოს. ეს არის ზოგადი ცნობიერების ამაღლება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რათა სრულყოფილად ფლობდნენ ინფორმაციას. ცხადია, ექსპერტის დონეზე ეს ცოდნა არავის მოეთხოვება, მაგრამ არის საკითხები, რის ცოდნაც ყველასთვის აუცილებელია", - ამბობს report.ge-თან ხათუნა გოგოლაძე.

გარემოსდაცვის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაზე საუბრობს ,,მწვანეთა მოძრაობის" თანადამფუძნებელი რუსიკო სიმონიძე.

,,გარემოს დაცვის ცოდნა ნამდვილად საჭიროა ყველა დონეზე, რათა იგი თითოეულ მოსახლემდე, ადამიანამდე  დავიდეს. განათლების და მოქალაქეების ჩართულობის გარეშე პრობლემა ვერ მოგვარდება. ცოტა მეტი განათლება გვჭირდება, რომ აქცენტები სწორად დაისვას და სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მნიშვნელოვანია, ვიქცეოდეთ ისე, როგორც ევროპელი მოქალაქეები იქცევიან. საქართველო მარტო მიწა და საზღვრები არ არის, გარემოა ყველაფრის განმსაზღვრელი. თვითონ პროცესები, ადამიანის ქცევა და მოქმედება გვიჩვენებს, ვის როგორ ესმის გარემო და როგორ უყურებს თავის ადგილს. სინამდვილეში რა დონეზე ვართ ამ მხრივ, კვლევამ უნდა გასცეს პასუხი. თუმცა განათლების როლი გასაძლიერებელია ადრეული ასაკიდანვე. წინსვლა ნამდვილად არის, რადგან რაც იყო რამდენიმე წლის წინ, შედარებაც არ შეიძლება, მაგრამ არასაკმარისია", - ამბობს report.ge-თან რუსიკო სიმონიძე.

შეგახსენებთ, რომ გარემოსდაცვით განათლებაზე 106,000 აშშ დოლარი დაიხარჯება. გაეროს განვითარების პროგრამა UNDP- საქართველომ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება კანონმდებლობა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორთან გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოქნილი მექანიზმის შესამუშავებლად. გარდა ამისა, UNDP ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვითი განათლების დანერგვას საშუალო სკოლებში. 106,000 აშშ დოლარის ღირებულების ცხრათვიანი პროექტი განხორციელდება UNDP-სა და შვედეთის მთავრობის ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს საჯარო სექტორში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობას ემსახურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system