თავში

რა ეკონომიკურ გზავნილებს ელის საქართველო ევროკავშირისგან

რა ეკონომიკურ გზავნილებს ელის საქართველო ევროკავშირისგან
რა ეკონომიკურ გზავნილებს ელის საქართველო ევროკავშირისგან

დახმარებების პაკეტი, ფინანსური მხარდაჭერა და ინვესტიციები - ეს ძირითადი მიმართულებებია, რა მხრივაც საქართველო ევროკავშირისგან ქართული დელეგაციის სტუმრობის შემდეგ ელოდება. თუმცა, როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე report.ge-თან აღნიშნავს, ასეთი მხარდაჭერა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამას შემდეგ, თუ ევროპა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში პროგრესს დაინახავს.

,,ევროკავშირი არის ჩვენი უმსხვილესი პარტნიორი, გაუმჯობესებული გვაქვს მასთან საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები და წარმატებით სრულდება ასევე ის ვალდებულებებიც, რაც ასოცირების ხელშეკლრულების ფარგლებში გვაქვს ნაკისრი. იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია ევროპულ სტანდარტს მიუახლოვდეს, უნდა ვიყოთ შესაბამისობაში კანონთან, რომელიც ევროკავშირშია. ცხადია, შეხვედრისას საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ წარდგენილი იქნება პაკეტი, რაც ევროპეულ კოლეგებს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიღწევებს გააცნობს. ამასთან, დამატებით რამდენიმე ვალდებულება გვექნება შესასრულებელი, თუკი ნამდვილად გვსურს ევროკავშირის ოჯახის წევრობა, რაც განცხადებული აქვს სახელმწიფოს. გვჭირდება გონივრული სვლა, რათა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მნიშვნელოვანია ინვესტრიციები, დახმარებების პაკეტი და ფინანსური მხარდაჭერა, რასაც მთავრობის წევრების ვიზიტის შემდეგ ევროპული ქვეყნებისგან უნდა ველოდოთ. ეს მიმაჩნია ამ შეხვედრების მთავარ ეკონომიკურ გზავნილად. არ გამოვრიცხავ, კიდევ გაფართოვდეს დახმარებების პაკეტი, რაც კოვიდის პირობებში მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი შესაძლებელია, თუ ევროპას ვაჩვენებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში პროგრესი გვაქვს", - აცხადებს ავთო სილაგაძე.

საქართველო-ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე აკეთებს აქცენტს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე. მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს მთავრობის ვიზიტისგან ქვეყანა ელოდება ინვესტიციების ზრდას, რომელიც პირდაპირკავშირშია ეკონომიკურ სტაბილურობასა და პანდემიის დაძლევასთან.

,,როგორც ვიცით, პრემიერთან ერთად ბელგიაში იმყოფება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რაც მიგვანიშნებს, რომ ევროპული სტრუქტურები მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოსთან არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ თანამშრომლობას და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე, ბაზრების დივერსიფიკაციასა და ზოგადად საქართველოს ევროპული ორიენტაციის შეუქცევადობის მხარდაჭერაზე ფიქრობენ. შეიძლება, ეს დროში იყოს თანხვედრაში ღარიბაშვილის ვიზიტთან, რასაც მარტო მის დამსახურებად ვერ ჩავთვლით, სერიოზული ნაბიჯები არის გადადგმული ამ მიმართულებით ბოლო პერიოდის განმავლობაში და უფრო ადრეც. თუმცა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი და სამთავრობო დელეგაცია ასეთი დონის ვიზიტს ახორციელებს ევროკავშირის ერთ-ერთ დედაქალაქში, არაპირდაპირი სტიმული და მოწოდებაა, რომ საქართველოსთან ღირს ურთიერთობის დაჭერა, პოტენციური გზავნილია ინვესტორებისთვის, რათა საქართველოსთან ურთიერთობა გაღრმავდეს", - აცხადებს report.ge-თან სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, ყველაზე მეტად ინვესტორებს სჭირდება როგორც პოლიტიკური, ასევე  საინვესტიციო სტაბილურობა, ბაზრის დაცულობა და შედარებით იაფი სამუშაო ძალა, რაც უცხო ქვეყანაში კაპიტალის დაბანდების სტიმულს შექმნის. 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში გუშინ დაიწყო. 

,,შევხვდებით ბელგიის, ევროკავშირისა და NATO-ს უმაღლეს წარმომადგენლებს. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ნამდვილად აღსანიშნავია, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენი საბოლოო მიზანია, გავხდეთ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი,"- დაწერა ,,ტვიტერში" საქართველოს პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system