თავში

რა ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობს შავი ზღვის რეგიონი მსოფლიოს

რა ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობს შავი ზღვის რეგიონი მსოფლიოს
რა ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობს შავი ზღვის რეგიონი მსოფლიოს

Midlle EasT Institute-ი სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „შავი ზღვის ქვეყნები მზად არიან პოსტ-პანდემიური კლიმატიდან სარგებლის მისაღებად“, სადაც აღნიშნულია, რომ შავი ზღვის რეგიონი მთელ რიგ ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობს მსოფლიოს, მათ შორის ძვირფას ბუნებრივ რესურსებთან წვდომას და კონტროლს, სახარბიელო სავაჭრო პირობებსა და სწრაფ სავაჭრო მარშრუტებს.

სტატიის ავტორის თქმით, რეგიონი დიდი პოტენციალის მქონე განვითარებადი სარეალიზაციო ბაზარია. სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რეგიონის საერთაშორისო მნიშვნელობა ტრანსპორტის ად ენერგეტიკის სფეროში და განმარტებულია, რომ ის არის ენერგეტიკის და სატრანსპორტო ნაკადების მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც ევროპულ, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს აკავშირებს გლობალურ ბაზრებს.

აქვე აღნიშნულია, რომ სამი მნიშვნელოვანი რეგიონის - ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის - გზაჯვარედინზე მდებარე შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატების მიერ აღიარებულია გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გამო.  როგორც ავტორი აღნიშნავს, შავი ზღვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, რადგან ის არის დასავლეთის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი, პოლიტიკური და ლოგისტიკური ჰაბი შავი ზღვის აუზის მიღმა კრიზისის კონტექსტში ძალაუფლების პროექცირებისთვის.

"ბოლო წლებში, შავი ზღვის რეგიონი იმ ამერიკული კომპანიების რადარებშია მოხვედრილი, რომლებიც ალტერნატიულ ადგილებს ეძებენ ბიზნესის საწარმოებლად. ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებმა წარმატებას მიაღწიეს ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატის შექმნაში და თან მოქნილები არიან იოლად ადაპტირებადი საწარმოო ბაზის გამოისობით. ეს ტენდენცია ისეთმა გლობალურმა მოვლენებმა გაამძაფრა, როგორიცაა შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სავაჭრო ომი და სულ ახლახან გამოჩენილი ახალი კორონავირუსი,- ვკითხულობთ სტატიაში.

აქვე განმარტებულია, რომ შავ ზღვას ექვსი ქვეყანა ესაზღვრება და მათ შორის ორი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა (ბულგარეთი და რუმინეთი), სამი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოა (ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი), ორი ევროკავშირის და ალიანსის ასპირანტი ქვეყანაა (საქართველო და უკრაინა) და რუსეთი. 

სტატიში რეგიონის ეკონომიკურ სარგებლიანობაზეცაა ყურადღება გამახვილებული.

"რეგიონი მთელ რიგ ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობს მსოფლიოს, მათ შორის ძვირფას ბუნებრივ რესურსებთან წვდომას და კონტროლს, სახარბიელო სავაჭრო პირობებსა და სწრაფ სავაჭრო მარშრუტებს. 1990-იანი წლების ბოლოდან რეგიონი დიდი ინტერესით სარგებლობს არა მხოლოდ პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეებისგან, არამედ დასავლეთის ბიზნეს წრეებიდანაც. ამის ერთი მიზეზი კასპიის რეგიონის ნავთობი და ბუნებრივი აირია, რამაც ბევრი კერძო და სახელმწიფო კომპანიის დაინტერესება გამოიწვია. ნავთობის მოპოვებაში ინვესტიციები ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც რეგიონის მნიშვნელობას ამაღლებს დასავლელი აქციონერების თვალში, მათ შორის პოლიტიკის განმსაზღვრელების და კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობი უთუოდ ძალიან მნიშვნელოვანია, ის ნამდვილად არ არის რეგიონის ეკონომიკური ხიბლის ერთადერთი ფაქტორი. შავი ზღვა და მიმდებარე სანაპირო რეგიონები უშველებელ ეკონომიკურ პოტენციალს ფლობენ. წინა წლების მსგავსად, 2014-2019 წლებშიც უშუალოდ შავ ზღვასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობა ყველა ზღვისპირა ქვეყანაში რამდენიმე ძირითად სექტორს უკავშირდება: საზღვაო გადაზიდვები და პორტები, თევზჭერა, ტურიზმი, ნავთობი და გაზი. ამასობაში, რეგიონის სახარბიელო ბიზნეს კლიმატი და განათლებული, პროფესიული უნარების მქონე და დაბალხარჯიანი მუშახელი იზიდავს უცხოელ მეწარმეებს. შავი ზღვა რამდენიმე მიზეზის გამო იღებს სარგებელს კონკურენტული უპირატესობიდან. ის ახლოს არის ევროპის სარეალიზაციო ბაზრებთან, ხოლო ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთს აკავშირებს დანარჩენ მსოფლიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონი ფასეული გეოგრაფიული ადგილია. გარკვეულ წილად რეგიონი ხიდის ფუნქციას ასრულებს დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთის დინამიურ ქვეყნებს შორის, თან მათ ეხმარება წარმოებისა და ტრანსპორტირების სფეროებში შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავებაში. რეგიონი წარმოადგენს განვითარებად სარეალიზაციო ბაზარს წინსვლის დიდი პოტენციალით. ის ასევე არის ენერგეტიკის და სატრანსპორტო ნაკადების მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც ევროპულ, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს აკავშირებს გლობალურ ბაზრებს. უკრაინაში 18 ღრმაწყლოვანი პორტია და 11 სავაჭრო პორტი მდინარეზე, რომლებიც ზღვას უკავშირდება. ყველაზე მსხვილი საზღვაო პორტებია ოდესაში, ილიჩოვსკსა და იუჟნიში, რაც ქვეყნის საზღვაო პორტებში გამავალი ჯამური ტვირთბრუნვის 60 პროცენტს უდრის. საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ხაზზეც რამდენიმე საზღვაო პორტია, რომელთა შორის უმსხვილესია ბათუმის პორტი. ბულგარეთში საერთაშორისო გადაზიდვები ძირითადად ნავთობის ტრანსპორტირებას გულისხმობს. რუმინეთის ქ. კონსტანცა ნავთობის მწარმოებელ რეგიონებს აკავშირებს საერთაშორისო სარეალიზაციო ბაზრებთან. თურქეთს შავ ზღვაზე ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი გააჩნია, რითაც ქვეყანა ძლიერ სტრატეგიულ პოზიციას იძენს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში. ეს ასევე იძლევა ოფშორული ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალს. ადგილობრივი და საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვები მოკლე მანძილზეც კარგადაა განვითარებული თურქეთში, რადგან მას უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია”, - ნათქვამია სტატიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system