თავში

რა ელის ეკონომიკას დადებითი და უარყოფითი სცენარების მიხედვით

რა ელის ეკონომიკას დადებითი და უარყოფითი სცენარების მიხედვით
რა ელის ეკონომიკას დადებითი და უარყოფითი სცენარების მიხედვით

2021 პირველი კვარტლის შედეგების შეჯამებამ არცთუ სახარბიელო სტარტი უწინასწარმეტყველა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას. როგორც ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი თემურ ხომერიკი report.ge-თან განმარტავს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ არსებით გაუმჯობესებას, თუ ოპტიმისტური სცენარით განვითარდება მოვლენები. თუმცა საკმაოდ დიდია პრობლემის ჩამონათვალი, რაც ხომერიკის შეფასებით, პანდემიის ფონზე ქვეყნის ეკონომიკას დაემუქრა.

,,გაჩერების პირას მდგომი ეკონომიკა, უმუშევრობა, ინფლაცია (აგფლაცია), ინექციებითა და ინტერვენციებით ვერ გამყარებული ლარი ( 2021 წლის განმავლობაში სებ-მა 7 სავალუტო აუქციონზე 242.9 მლნ. აშშ დოლარი გაყიდა), სიღარიბე, ვაქცინაციის ჩავარდნა და პანდემიური მესამე ტალღა, ტურიზმის კოლაფსი, სავაჭრო პარტნიორებისა და გლობალური პრობლემები, პოლიტიკური გარემოს ტურბულენტურობა და გეოპოლიტიკური უპირატესობების გამოუყენებლობა, ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი და მზარდი საგარეო ვალი, ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებული მაჩვენებლიდან გადახრა/კორექტირებები, ნეგატური მოლოდინები, ინვესტიციების (განსაკუთრებით პირდაპირი) უკმარისობა, გაძვირებული რესურსები (განსაკუთრებით ენერგომატარებლები) და სატრანსპორტო გადაზიდვები, ჩაკეტვა/შეზღუდვების გამო და საომარი სიტუაციებიდან გამომდინარე სახმელეთო გადაზიდვებში შეფერხებები, მოწინავე და რესურსდამზოგავი ტექნოლოგიების არაპრიორიტეტულობა, ინოვაციებისა და კრეატული გადაწყვეტების სიმწირე, მცირე და საშუალო ბიზნესის არასათანადო ხელშეწყობა, სახელმწიფო ხარჯების არარაციონალურობა და სახელმწიფო შესყიდვების დაბალი ეფექტიანობა, საკარანტინო მოთხოვნების გამო სერვისების (განსაკუთრებით სარესტორნო) გაჩერება, ახალი პრობლემებისადმი ბიზნესის ტრადიციული დამოკიდებულებები და სახელმწიფო სუბსიდირების მოიმედეობა, სოციალური სფეროსადმი და ზოგადად ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების მიმართ ნარჩენობის პრინციპით მოქმედება და სხვა არასტაბილურობის ფაქტორები მთავარ გამოწვევებად რჩება", - განმარტავს მეცნიერი და დასძენს, რომ პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები თითქოს დამაიმედებელია, მით უფრო რომ გასულ წელს პირველ კვარტალში ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა ეკონომიკა, ხოლო 2021 წლის პირველი კვარტლის პარამეტრები თავიდანვე დაბალ თამასაზე დაიგეგმა.

,,ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურას თუ შევხედავთ, გადაჭარბებით მხოლოდ აქციზური გადასახადის მაჩვენებელია -137% (აქციზური გადასახადით დასაბეგრი პროდუქტებიდან მნიშვნელოვანია თამბაქოს ნაწარმი, ბენზინი, დიზელი, ალკოჰოლური სასმელები, ლუდი...), დანარჩენები 100% ვერ აღწევენ, ასევე დაბალია სახელმწიფო ქონებების პრივატიზაციიდან მიღებული შემოსულობები (დაგეგმილი 32 მლნ.ლარის ნაცვლად დაახლოებით 19 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო სამთავრობო პროგრამის - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში აუქციონზე გატანილი 300 მლნ. ლარის ქონებიდან რაც გაიყიდება, შედეგები შემდეგ კვარტალში აისახება). მართალია საქართველოს რკინიგზამ გააუმჯობესა მუშაობა, მაგრამ ზოგადად სახელმწიფო საწარმოები არარენტაბელურ დაფინანსების საცერადაა ქცეული, შეზღუდვების გამო კი მიახლოებითი დათვლებით დღეში 10-15 მლნ. ლარის დანაკარგებია ჯამურად ეკონომიკაში, ცრუ მოლოდინები ზრდის განუსაზღვრელობასა და რისკებს, პროცესების ადმინისტრირება ხშირად არარელევანტურია.  მაგალითად, ეროვნული ბანკის მესვეურებისგან ხშირად ისმის, რომ ლარის კურსის შენარჩუნება არათარგეტულია, მთავრობა აცხადებს რომ 2021 დაუბალანსებელი ბიუჯეტის გადახედვას არ აპირებს, ხოლო პარლამენტი მოუწოდებს ეროვნულ ბანკს აწიოს რეფინანსირების განაკვეთი, რაც ვერც ლარის მსყიდველუნარიანობას განამტკიცებს, ვერც ინფლაციას შეაკავებს და ვერც ნეკროზულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას გამოაცოცხლებს... კარგია, რომ დედოლარიზაციაზე მოწოდებებს ჯერ არავინ გაცდენია და მხოლოდ ლარის მართვის გეგმას ითხოვენ- ისე სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა: ლარიზაცია პანაცეა არააო და უფრო ქმედითი აქტივობებისკენ მოუწოდა ხელისუფლებას ეკონომიკური გარემოს გასაჯანსაღებლად. დადებითია, რომ ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით განათავსა 500 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდები საპროცენტო განაკვეთით 2,75%, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ძველი და ახალი ვალდებულებაა ამ წელს საერთაშორისო ვალის მომსახურებისთვის, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორის ... დაუბალანსებელ ბიუჯეტს ნამდვილად სჭირდება კორექტირება მეტი ადექვატურობისთვის, სანამ შევარდნაძის ეპოქასავით დეფიციტურ ბიუჯეტში დაცული მუხლების შემოტანა არ დაგვჭირებია - თუნდაც ბიუჯეტშემცირებულ ჯანდაცვის სექტორთან მიმართებით, რადგან პანდემიის მესამე ტალღა უკვე ითხოვს დამატებით დანახარჯებს ტესტირებაზე, ავადმყოფების მოვლაზე, კარანტინის ღონისძიებებზე, სოციალურ დახმარებებზე, რისი რეზერვიც ბიუჯეტში არა გვგონია მოიძებნოს, ხოლო დაუფინანსებლობა ან/და ამ სექტორის დაფინანსებაში შეფერხებები მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შედეგებს იქონიებს", - აცხადებს თემურ ხომერიკი report.ge-თან.

მისი თქმით, დროა ქვეყანა სპონტანური გადაწყვეტილებებიდან საგანგებო ბიუჯეტის ფორმირებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე გადავიდეს. 

,,მართალია შეზღუდვების სიმკაცრეში ბადალი არ გვყავს და გლობალურად ოცეულში შევდივართ, ავადობისა და გამოვლენის მაჩვენებლებით მაინც გამოვირჩევით, რადგან დადგენილის აღსრულებაში ბევრი ფორმალურობა და დაიგნორებაა... ვინც კვლავ მდიდრდება ამ გაჭირებაში, ისევ საბანკო სექტორი, სადაზღვევოები და ბაზრის მსხვილი მოთამაშეებია... ნააღდგომევს მაინც მეტი ქმედითი ღონისძიებაა გასატარებელი სოფლად, განსაკუთრებით კვების პროდუქტების იმპორტჩანაცვლების მიმართულებით და დარგის მეტი დაფინანსებისთვის, ბიზნესმაც ახალი და დროის შესაფერისი პროდუქტები უნდა შესთავაზოს ბაზარს, ხოლო მთავრობამ მოუსმინოს საერთაშორისო დონორებს და დარგობრივ ექსპერტებს, მანამ მიიღებს გადაწყვეტილებებს ფუნდამენტურ საკითხებზე... დაანონსებულია, რომ შრომის ინსპექცია ამზადებს რეგულაციებს, რათა ზაფხულის სეზონისთვის სტუმარ-მასპინძლობის სექტორი მზად იყოს ტურისტების უსაფრთხოდ მისაღებად. მხოლოდ ოპტიმალური არჩევანი და კონსოლიდაცია გადაგვარჩენს საზოგადოებრივი კონსენსუსის გზაზე", - ასეთია თემურ ხომერიკის მოსაზრება ეკონომიკაში მიმდინარე და მსოალოდნელ პროცესებტან დაკავშირებით.

ცნობისთვის, 2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი და სწორედ ამ საპროგნოზო მაჩვენებელს ეფუძნება მიმდინარე წლის საგადასახადო გეგმაც.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტმა საშემოსავლო გადასახადის სახით 779.5 მილიონი ლარი მიიღო, რაც პირველი კვარტლის გეგმის 98%-ია. ამის შესახებ ირკვევა 2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან.

მთლიანობაში ბიუჯეტში გადასახადებიდან 2.66 მილიარდი ლარი შეგროვდა, რაც გეგმით განსაზღვრულის 100.3%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system